ახალი ამბები

ალასანიას ინიციატივა შსს–ს საზოგადოებრივი საბჭოს შესახებ

17 მარტი, 2011 • 1069
ალასანიას ინიციატივა შსს–ს საზოგადოებრივი საბჭოს შესახებ

დღეს სახალხო დამცველის ოფისში ერთმანეთს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და ომბუდსმენი გიორგი ტუღუში შეხვდნენ.

შეხვედრის მიზეზი იყო ირაკლი ალასანიას ინიციატივა  შსს-ს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც მან გიორგი ტუღუშს გააცნო.

შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა განაცხადა, რომ გიორგი ტუღუშს შსს-ს საზოგადოებრივ საბჭოს შექმნის დეტალებზე ესაუბრა, თუმცა კონკრეტულად რა დეტალებზე იყო საუბარი, არ არის ცნობილი.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე საზოგადოებრივ-სამოქალაქო კონტროლის ამაღლება.

„თავისუფალი დემოკრატების“ თქმით, საზოგადოებრივი საბჭოში გაწევრიანების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება. საბჭო უფლებამოსილი იქნება, მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია განასაჯაროოს მედიასაშუალებებით.

„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, ანალოგიური საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოები უკვე მოქმედებენ ევროპის ქვეყნებში, რამაც უზრუნველყო პოლიციის მუშაობის გამჭვირვალობა და პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევების გამოვლენილ ფაქტებზე სწრაფი რეაგირება.

ირაკლი ალასანია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის აუცილებლობას იმითაც ხსნის, რომ საქართველოში პოლიციელების მხრიდან ადგილი აქვს თვითნებურ ქმედებებს და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, რაც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი