ახალი ამბები

ომბუდსმენი: ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ინსპექციაზე გაცემული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

12 თებერვალი, 2016 • 1382
ომბუდსმენი: ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ინსპექციაზე გაცემული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

დღეს, 12 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები “2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ანგარიშებს მოისმენენ.

სხდომის დაწყებამდე ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თაობაზე გაცემული რეკომენდაცია არ შეასრულა:

“ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო შრომის ინსპექციის შექმნა, სამწუხაროდ ეს რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა, სხვა, მთელი რიგი რეკომენდაციები არის გათვალისწინებული , გარკვეულ რეკომენდაციებზე დაწყებულია მუშაობა.”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ 2007  წელს შრომის ინსპექციის გაუქმება შეცდომა იყო:

“იმ მოტივით გააუქმეს, რომ კორუმპირებული იყო. იმ პერიოდში სხვა უწყებებიც იყო კორუმპირებული, ვთქვათ პოლიცია, მაგრამ გამოსავალი არ არის ის, რომ პოლიცია გაუქმებულიყო. ჩვენ შრომის კოდექსი მივიღეთ, მაქსიმალურად დავაბალანსეთ ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მისი იმპელემენტაცია და მონიტორინგი, თუ რამდენად სრულდება მიღებული კანონი რეალობაში. შრომის ინსპექცია აუცილებელი და საჭირო სტრუქტურაა, მაგრამ პირველ ეტაპზე, გაუქმებული სტრუქტურის აღდგენა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ასევე დამსაქმებლები გადაჩვეულები იყვნენ ასეთი ტიპის საჭირო ურთიერთობას. ასე, რომ პირველ ეტაპზე, შრომის ინსპექცია კომპანიებში შედიას სარეკომენდაციო წინადადებებით, მაგრამ სულ სარეკომენდაციო მიდგომით ვერ იქნება შრომის ინსპექცია. ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ის რეგულაციები, რომელიც უფრო ქმედითს გახდის ამ სამსახურს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული სანქციების დაწესებაც, თუ რაიმე დარღვევა ფიქსირდება კონკრეტულ კომპანიებში, მაგრამ ამას დრო ჭირდება, ეტაპობრივად ჩამოყალიბდება სტურუქტურა, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს.”

დიმიტრი ხუნდაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ვადებზეა საუბარი, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს ამ მოწვევის პარლამენტშივე მოხდეს:

“გამიჭირდება გითხრათ, რა ვადებში გადავა ინსპექცია სარეკომენდაციო აღჭურვიდან შედარებით მკაცრ რეგულაციებზე, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ამ მოწვევის პარლამენტს მინიმუმ რვა თვე აქვს დარჩენილი, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი