ახალი ამბები

რიგები სურსათის ვაუჩერის გასანაღდებლად

16 მარტი, 2011 • • 958
რიგები სურსათის ვაუჩერის გასანაღდებლად

თბილისის მოსახლეობას დილიდან “ლიბერთი ბანკის” მცირე თუ დიდ ფილიალებში 30– ლარიანი სურსათის ვაუჩერის გასანაღდებლად რიგში რამდენიმე საათით  უწევს დგომა. ხელისუფლებამ სურსათის ვაუჩერის დარიგება 10 მარტიდან დაიწყო. მოსახლეობას მისი განაღდება მხოლოდ “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში 1 ივლისამდე შეუძლია. შესაძლებელია ვაუჩერის სხვა ადამიანისთვის ჩუქებაც.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “სასურსათო ვაუჩერს საქართველოში მილიონზე მეტი ოჯახი მიიღებს, რაც სურსათზე გაზრდილი ფასების ნაწილობრივი კომპენსაციაა.” სასურსათო ვაუჩერები თავდაპირველად თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში დარიგდება. ვაუჩერის დარიგება კი მთელს საქართველოში აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სასურსათო ვაუჩერს ის ოჯახებიც მიიღებენ, რომლებიც კონკრეტულ მისამართზე ქირით ცხოვრობენ და სხვაგან არიან ჩაწერილი.

55 წლის ინეზამ სურსათის ვაუჩერი 15 მარტს მიიღო, მის გასანაღდებლად კი დღეს დილის 11 საათიდან 14 საათამდე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში რიგში იდგა. “3 საათზე მეტხანს ველოდებოდი ვაუჩერის განაღდებას, ცოტა დავიღალე, მაგრამ ახლა წავალ და ამ ფულით 2-3 დღის საჭმელს მაინც ვიყიდი. სულ არაფერს მაინც სჯობს”-უთხრა ინეზამ “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი