ახალი ამბები

მერიის კონტრაქტორ ფირმას მუშახელის 85 ათასი ლარი ადევს ვალად

15 მარტი, 2011 • 929
მერიის კონტრაქტორ ფირმას მუშახელის 85 ათასი ლარი ადევს ვალად

თბილისის მერიის კონტრაქტორ კომპანიას დაქირავებული მუშახელის მიმართ 85 ათასი ლარის დავალიანება მართებს. ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გაახმიანა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯაბა სამუშიამ.

სამუშიას თქმით, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე  ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის მოსაწყობად თბილისის მერიამ შარშან ნახევარი მილიონი ლარი გამოყო და ეს თანხა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – შპს „ბაზალტი–იმპულსი 2008“–ს გადასცა. ამ თანხის 21% სკვერის კეთილმოწყობაზე მომუშავე პირების ხელფასების გასაცემად იყო გათვალისწინებული. თუმცა,  იქ დასაქმებულ 50-60 მუშას სამი თვის  ხელფასი არ მიუღია. მათ შორისაა არჩილ ბარბაქაძე.

„ოქტომბრის თვიდან ვმუშაობდი სკვერის მშენებლობაზე, მაგრამ ხელფასი ამ დრომდე არ მიმიღია, არადა, 1000 ლარი უნდა ამეღო,“ – აცხადებს ბარბაქაძე.

კახიძის სკვერის კეთილმოწყობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ კომპანიასთან მათ შესაბამისი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. მათივე თქმით, კომპანია მუშებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებას პირდება.

ჯაბა სამუშიას ინფორმაციით,  თბილისში ხშირია შემთხვევები, როცა ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ადამიანებს ამუშავებენ და შემდეგ მათი ხელფასების გაცემაზე აღარ ზრუნავენ.

ჯაბა სამუშიას განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანია “ბაზალტი იმპულსთან” თბილისის მერიას კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შესრულებული აქვს და თუ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები არ მიუღიათ, მათ შრომითი უფლებების დასაცავად შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

“საზოგადოებას მოეხსენება, რომ ტენდერები, რომელსაც ქალაქის მერია აცხადებს, არის ელექტრონული, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ის  ლოტი, რომელიც გააკეთა ამა თუ იმ კონკურსში მონაწილე ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა,  მისაწვდომია ნებისმიერი თბილისელისთვის. აქედან გამომდინარე, კითხვები და ეჭვები ამ თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიმაჩნია. რაც შეეხება კონკრეტულად არსებული კომპანიის სახეს, ამ კომპანიასთან მიმართებით მერიას  კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა  პირობა შესრულებული აქვს და თუ  ადამიანებს გარკვეული  პრეტენზია აქვთ ამ ფირმასთან, ბუნებრივია, ეს  კანონის დარღვევაა და მათ   შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ინტერესები  დაცული იქნება”, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.

სამუშია მოითხოვს, რომ თბილისის მერიამ და საკრებულოს სარევიზიო კომისიამ განხილონ აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული საკითხი და დაინტერესდნენ, თუ რას მოხმარდა კომპანიისთვის გადარიცხული თანხა.

შპს „ბაზალტი–იმპულსი 2008“ 2008 წლის 20 ივნისს რეგისტრირებული კომპანიაა. 2010 წლის ნოემბრიდან კომპანიის 100%–ანი წილის მფლობელი და დირექტორი არჩილ გორდულაძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი