ახალი ამბები

„ჰერეთი“ ლიცენზირების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს

15 მარტი, 2011 • 961
„ჰერეთი“ ლიცენზირების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს

რადიო „ჰერეთი“, რომელიც კახეთის რეგიონში მაუწყებლობს, დახმარებისთვის  ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საელჩოებს მიმართავს.

„რადიო „ჰერეთი“ უკვე მესამე წელია უშედეგოდ ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ დრომდე აჭიანურებს ახალი ლიცენზიების გაცემას მაუწყებლებისთვის, მოტივად კი “საზოგადოებრივი აზრის კვლევას” ასახელებს, რომელიც არ გამოქვეყნებულა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ – 2004 წლიდან. მაუწყებლობის კანონის მიხედვით კი, ასეთი სახის კვლევის ჩატარება 2 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ავრცელებს.

მისივე თქმით, ცნობილია, რომ კომისია უკვე ადგენს პრიორიტეტებს მაუწყებლებისთვის, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია ამის თაობაზე მიმდინარე წლის 4 მარტს გამოაქვეყნა თავის ვებ–გვერდზე. თუმცა ამავე ვებ–გვერდზე არ არის განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

„სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს… ვინაიდან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროკავშირთან ლიცენზირების გამარტივების პროცესებთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესებში, რადგან სამართლიანად, ობიექტურად და გამჭვირვალედ მოხდეს აღნიშნული პროცესების წარმართვა,”- ნათქვამია წერილში, რომლითაც რადიო „ჰერეთი“ ევროკაშვირის წარმომადგენლობას მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი