ახალი ამბები

მინისტრის მოადგილის თქმით, ივანიშვილთან ხეების გახარების შანსი გაცილებით მაღალია

11 თებერვალი, 2016 • 1106
მინისტრის მოადგილის თქმით, ივანიშვილთან ხეების გახარების შანსი გაცილებით მაღალია

“ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ამ ხეების მოვლის და ამ ხეების შემდეგი გახარების შანსი გაცილებით  უფრო მაღალი იქნება,”- ეს განცხადება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც  ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე მსჯელობენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების კითხვაზე, დგას თუ არა ხეების გადატანის უკან ბიძინა ივანიშვილი, თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა:

“მე არანაირი საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ეს საკითხი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეხება. თუმცა, თუ რაიმე ფორმით აღმოჩნდება, რომ ბატონ ბიძინასთან ამას აქვს კავშირი, ვფიქრობ, რომ ამ ხეების მოვლის და ამ ხეების შემდეგი გახარების შანსი გაცილებით  უფრო მაღალი იქნება.”

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი