ახალი ამბები

თალაკვაძე: მხოლოდ შს სამინისტრო ვერ მოაგვარებს ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემას

11 თებერვალი, 2016 • 1167
თალაკვაძე: მხოლოდ შს სამინისტრო ვერ მოაგვარებს ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემას

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ შს სამინისტრომ ომბუდსმენის ოფისის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ნაწილობრივ შეასრულა. ამის შესახებმან პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უწყებების მიერ ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ისმენენ.

“მთელ რიგ რეკომენდაციებთან დაკავშირებით არის პროგრესი. ოჯახში ძალადობის საკითხებზე არაერთი ღონისძიება გატარდა, მაგრამ ამ მხრივ მუშაობა კვლავ არის გასაგრძელებელი. ადრეულ ასაკში ქორწინებას პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა. საუბარი იყო, რომ უბნის ინმსპექტორთა როლის გაზრდა მომხდარიყო და მათი აქტიური მუშაობა საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა და ამ მხრივ ბევრი რამე არის გასაკეთებელი.”

ომბუდსმენმა სურვილი გამოთქვა, რომ შს სამინისტროს მენეჯმენტში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებად ქალებიც იყვნენ წარმოდგენილი, რათა გენდერული ერთგვაროვნება აღარ იყოს.

მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სახალხო დამცველის ოფისს კონკრეტულ გეგმას წარუდგენენ:

“გეთანხმებით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოერევა ამას, აქ საგანმანათლებლო და სოციალური სერვისებია ჩასართავი, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ და დროული რეაგირება მოვახდინოთ, როცა ამ მიმართულებით ირღვევა კანონი. კონკრეტულ გეგმას წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში, ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს სამუშაო  შეხვედრა თქვენს ოფისთან, გვსურს თქვენთან განვიხილოთ გადასადგმელი ნაბიჯები. ”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი