ახალი ამბები

რატომ შეწყვიტეს საკაბელოებმა “რუსთავის 2″–ის ტრანსლირება

15 მარტი, 2011 • • 1100
რატომ შეწყვიტეს საკაბელოებმა “რუსთავის 2″–ის ტრანსლირება

საკაბელო ტელევიზიების ნაწილმა, მათ შორის, „ჯი–ენ–ენ“–მა და “დიდგორმა” რუსთავი 2–ის ტრანსლირება დღეს აღადგინეს.

“პატივცემულო აბონენტებო! სს “ჯი–ენ–ენი” გაცნობებთ, რომ “რუსთავი 2″ გათიშულია მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით” – ეს შეტყობინება “ჯი–ენ–ენ”–მა გუშინ თავისსავე ეთერში განათავსა, თუმცა დღეს კომპანიის დირექტორი მირიან კიკნაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ “რუსთავი 2” “გაურკვევლობის გამო” გაითიშა.

საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ “რუსთავი 2″–ის ტრანსლირება შეწყვიტეს, აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს ტელექსელების ასოციაციამ  გააფრთხილა და აცნობა მათ, რომ აღარ ჰქონდათ უფლება, “რუსთავი 2” ეთერში გაეშვათ.

ამ მიზეზით “რუსთავი 2″–ის ტრანსლირება რამდენიმე საკაბელო ტელევიზიამ გუშინ რამდენიმე საათით შეწყვიტა. ამის შემდეგ საკაბელო ტელევიზიების მფლობელები თავად დაუკაშვირდნენ “რუსთავი 2″–ს. როგორც “ნეტგაზეთისთვის” გახდა ცნობილი, მათ მიიღეს ნებართვა არხის ტრანსლირებაზე საკაბელო მაუწყებლების მეშვეობით. როგორც საკაბელო ტელევიზია “დიდგორის” დირექტორი ამბობს, საკაბელოები თავად გააფორმებენ ხელშეკრულებას “რუსთავი 2″–თან.

“ნეტგაზეთის” რამდენიმე საათიანი მცდელობის მიუხედავად, “რუსთავი 2″–ის იურისტი განმარტებას მოუცლელობის მიზეზით არ აკეთებს.

“რუსთავი 2″–ის ტრანსლირება ჯი–ენ–ენმა დღეს, დილის რვა საათზე, აღადგინა. როგორც “დიდგორის” დირექტორი ამბობს, მათ “რუსთავი 2” გუშინ ღამითვე ჩართეს.

“ჯი–ენ–ენი” თბილისის ოთხ რაიონს ემსახურება, “დიდგორი” კი მხოლოდ ერთს – დიდ დიღომს.

მასალების გადაბეჭდვის წესი