ახალი ამბები

დევნილები „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

24 მარტი, 2011 • 1189
დევნილები „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

წეროვანში მცხოვრები დევნილები, რომლებიც „ენერგო პრო ჯორჯიამ“ დაასაქმა, კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელის სასამართლოში შეტანით იმუქრებიან.

ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაჟღერდა, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დევნილებთან ერთად გამართა პრესკონფერენცია.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ წეროვანში მცხოვრები 28 დევნილი დაასაქმა. მათ შორის – ვასილ თოთროვი.

„გასული წლის 26 ოქტომბრიდან 8 დეკემბრამდე ვიმუშავეთ და კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ მოგვიღია,“ – აცხადებს თოთროვი.

ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ნამდვილად დაიქირავა მუშახელი, მათ შორის ზემოთ აღნიშნული დევნილები, კომპანიაშიც ადასტურებენ. „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ავთო დვალიშვილის თქმით, დევნილები გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების შესრულებამდე მათ სპეციალური გადამზადება გაიარეს. მათი ორთვიანი სტაჟირება კომპანიამ დააფინანსა, რისთვისაც თვეში 160 ლარის ოდენობით მიიღეს ანაზღაურება.

თითოეული მრიცხველის დამონტაჟებაში კომპანიას 6 ლარი უნდა გადაეხადა თანამშრომლებისთვის, თუმცა დევნილები ამბობენ, რომ კომპანიას უკვე სამი თვეა თითოეული მათგანის მიმართ 400–500 ლარის დავალიანება აქვს დაგროვილი.

„თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ სამი წლის მანძილზე გვამუშავებდნენ, მაგრამ  ჯერ ისიც არ აუნაზღაურებიათ, რაც ვიმუშავეთ. რამდენჯერმე მივაკითხეთ “ენერგო პრო ჯორჯიას”,  სადაც გვითხრეს, რომ ჩვენს საბუთებს ვერ პოულობენ და ცენტრალურ ოფისში გაგვაგზავნეს. შემდეგ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას დაგვპირდნენ, თუმცა უკვე მესამე თვეა ანაზღაურება არ მიგვიღია“ – ამბობს ვასილ თოთროვი.

“სააკაშვილის დამსახურებით ახალგორიდან გამოძევებულ დევნილებს აბუჩად იგდებს ქვეყანაში მისი ლობირებით შემოიყვანილი კომპანია “ენერგო-პრო-ჯორჯია”, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში არ უხდის ამ ადამიანებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კუთვნილ ხელფასებს. მოვითხოვთ საქართველოს მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე გამდიდრებული კომპანიისგან აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ახალგორელებისთვის კუთვნილი ანაზღაურების სრულად დაფარვას” – აცხადებს პაატა ჯიბლაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი.

“ენერგო-პრო-ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ანაზღაურება გამრიცხველიანებაზე მომუშავე მხოლოდ იმ ბრიგადებს აქვთ შეჩერებული, რომლებმაც კომპანიაში დანაკლისი აჩვენეს.

„კონკრეტულად ვასილ თოთროვმა ჩვენთან იმუშავა დეკემბერ–იანვარ–თებერვალში და არა გასული წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე. მან და მისმა ბრიგადამ შესრულებული სამუშაოს ნაწილზე მიიღო თანხა, ხოლო ნაწილზე – შეჩერებული აქვს, რადგან დანაკლისი აქვს. დანაკლისი ნიშნავს, როდესაც კომპანია ბრიგადაზე გაცემს, მაგალითად, მრიცხველებს, სადენებს, კარადებს და ფიქსირდება, რომ შესაბამისი მოცულობის სამუშაო არ არის ჩატარებული და არც ეს მასალებია უკან დაბრუნებული. ამდენად, როდესაც გაირკვევა ამ დანაკლისის ამბავი, მათ მიეცემათ ანაზღაურება, მანამდე შეჩერებული აქვთ,“ – აცხადებს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, კომპანია „სანთლით ეძებს“ მუშებს, რის გამოც ისინი მზად იყვნენ, მართლაც სამი წლის მანძილზე დაესაქმებინათ ეს ადამიანები გამრიცხველიანებაზე, თუმცა მანამდე კომპანია მათთან დანაკლისის საკითხის გარკვევას შეეცდება.

დევნილები ხელფასების აუნაზღაურებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან და სასამართლოში აპირებენ შესაბამისი სარჩელის შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი