ახალი ამბები

ქართული პრესის დაიჯესტი

15 მარტი, 2011 • 1037
ქართული პრესის დაიჯესტი

გაზეთი “ვერსია” მკითხველს გოგლა ჟვანიასთან ინტერვიუს სთავაზობს. ჟვანია აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგანაც მიაჩნია, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დადგება, დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მისი აქტიურობა რაიმეს შეცვლის.  მისი თქმით, იგი შედეგზეა ორიენტირებული  და არა –მორიგ იმედგაცრუებაზე. გოგლა ჟვანია საგაზეთო ინტერვიუში ქართულ პოლიტიკურ სპექტრსაც აფასებს და აცხადებს, რომ   ქართულ პოლიტიკაში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, რომელთაც მყისიერად მოიპოვეს მაღალი რეიტინგები, მაგრამ ახლა საზოგადოებამ  მათგან მორიგი იმედგაცრუება იწვნია და არ სურს, რომ ისიც ასეთ ადამიანად იქცეს. ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით ჟვანია აცხადებს, რომ მის საქციელში ამჟამად გულრწფელობას ხედავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მას ჰქონდა ბევრი შეცდომა, მათ შორის ისიც, რომ როცა ქვეყნის პირველი პირი ხარ და შენს ერთ სიტყვაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, უნდა გადადგა საჭირო ნაბიჯი.  პოლიტიკოსმა ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვას. უცნაურ გაერთიანებას უწოდებს ჟვანია “ქართულ პარტიას” და დასძენს, რომ ამ პარტიაში ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებული, რომელთაც ერთმანეთთან არასოდეს არაფერი აკავშირდებდათ. “პარტია ის ხომ არაა, 4 კაცი შეიკრიბოს და განცხადებები აკეთოს” – კითხულობს გოგლა ჟვანია და მიიჩნევს, რომ ისინი ორიენტირებულნი არიან მხოლოდ იმაზე, მიშა რა სისულელეს ჩაიდენს, მერე კომენტარი რომ გააკეთონ. ციტატა: “ეს არ არის ოპოზიცია, ესენი არიან მიშას კომენტატორები”-აცხადებს ექსპრემიერის ძმა გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“რას უწუნებს კობა ხაბაზი შეფიცულებს”-ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას “ახალი თაობა” და მკითხველს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ  კობა ხაბაზთან ინეტრვიუს სთავაზობს. ხაბაზი ოპოზიციის ნაწილის მიერ გაცხადებულ მოსალოდნელ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ სჯერა ხალხის დაკვეთით ოპოზიციის გამოსვლების, რადენადაც აქტიობას ყოველთვის ლიდერები განაპირობებენ. მისი თქმით, ტოტალური მუშაობა სჭირდება აქციაზე ხალხის გამოყვანას, რაც, თავის მხრივ, ხალხის ინფორმირებულობას, რაიონული ორგანიზაციების მაქსიმალურ აქტიობას და ტრანსპორტირებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენელს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ბურჯანასძიგან მომდინარეობს და საპროტესტო მოძრაობის დაანონსებაში რუსულ კვალს ხედავს. ხაბაზი “შეფიცულთა რაზმის” მთავარ მიზნად საქართველოში დესტაბილიზაციისა და დაპირისპირების მორიგი ტალღის აგორებას მიიჩნევს და დასძენს, რომ ბურჯანაძემ ბურჯანაძეებისადმი შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა.

დღევანდელი “კვირის პალიტრა სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ ახალშექმნილი “შეფიცულთა რაზმების” ხელმძღვანელ გია ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. გია ბურჟანაძე შეფიცულთა რაზმების შექმნის აუცილებლობას წლების გამოცდილებით ხსნის და აცხადებს, რომ შეფიცულები დაიცავენ თანამოქალაქეებს ზონდერბრიგადებისგან და უსამართლობისგან. მისი თქმით, რაზმებში გაწევრიანების მსურველთა შორის ქალებიც არიან, ამ დროისთვის კი მასში უკვე გაწევრიანდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ნაბრძოლი ადამიანებიც, თუმცა  იქვე აღნიშნავს, რომ ყველა დაჩაგრულის დაცვას შიშველი ხელებით აპირებენ. გია ბურჯანაძე შეფიცულთა წესდების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ წესდებით იკრძალება იარაღის ყიდვისა და ტარების უფლება. ციტატა:-“როდესაც რაიმე უსამართლობა მოხდება, შემთხვევის ადგილზე წავა იურისტი, გადამღები ჯგუფი და შეფიცულთ რაზმი.” მისი თქმით, ამით სოლოდარობის მოძრაობას ჩაეყრება საფუძველი. ბურჯანაძე “კვირის პალტრასთან” იმ 8 პოლიტიკურ პარტიაზეც საუბრობს, ვინც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს და აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დამღუპველია, რადგან ეს ამ ხელისუფლების “გაპრავებასა” და მისი ვითომ დემოკრატიულობის წარმოჩენას ნიშნავს. სტატიის დასასრულს “შეფიცულთა რაზმების” ხელძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნები მხოლოდ ხელისუფლების წასვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს და როცა ეს მოხდება, მას პოლიტიკაში ვეღარავინ ნახავს.

რეზონანსის “მთელი კვირა ეროვნული ფორუმის ლიდერ კახა შარტავას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც  პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას არ გამორიცხავს, თუმცა თვლის, რომ ოპოზიციამ ბოლომდე უნდა გამოიყენოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი. შარტავას მიაჩნია, რომ რვიანის ფორმატში ოპოზიციამ უკვე მოიპოვა მეორე გამარჯვება და ამ პროცესის  მხარდასაჭრად საპროტესტო აქციების შესაძლო საჭიროებაზეც აკეთებს აქცენტს. შარტავას მიაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სახალხო პროტესტი ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგანაც თუნდაც გაყალბების მეთოდები რომ დაათმობინო ხელისუფლებას, ამისთვის საზოგადოების მხრიდან ზეწოლაა საჭირო. მისი თქმით, თუ იქნება აშკარა უარის თქმა სამართლიან არცევნებზე ხელისუფლების მხრიდან, შემდეგ პროტესტის ორგანიზება და მისი პოლიტიკურ შედეგამდე მიყვანა უნდა მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი