”ეროვნული ფორუმის” ინფორმაციით, 2010 წლის ბიუჯეტიდან მცხეთის მუნიციპალეტეტისთვის წყალ-კანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხები მცხეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა გაფლანგა.
ამის შესახებ დღეს პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჩიბურდანიძემ და ”ეროვნული ფორუმის” მცხეთის რაიონული ოფისის თავმჯდომარემ ვაჟა თათარაშვილმა ისაუბრეს და ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეომასალაც წარმოადგინეს.
თათარაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს მცხეთაში წყალ-კანალიზაციის სისტემების გამართვისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, მისი განმარტებით, რეალურად არაფერი გაკეთებულა.
”სვეტიცხოვლის გარშემო დაახლოებით 200 მეტრის რადიუსზე საშინელი სიმყრალეა, კანალიზაციის წყლის ჭაობები დგას, რომელიც შემდეგ ჩაედინება მდინარე არაგვში”, – განმარტავს თათარაშვილი.
კანალიზაციის სისტემის გაუმართაობასთან ერთად, თათარაშვილის განმარტებით, მცხეთის რაიონში მომსპარია სარწყავი სისტემა. მისი თქმით, 2010 წლის ოქტომბერში მცხეთის რაიონში მთლიანად ამოიღეს სარწყავი სისტემის ლითონის მილები, რის შედეგადაც მოსახლეობა ბაღებსა და სავარგულებს ვეღარ რწყავს.
”ამით მოკლეს, საერთოდ, სოფლის მეურნეობა მცხეთის რაიონში. სარწყავი სისტემის თავიდან მოწყობას ის 150 მილიონიც კი არ ეყოფა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ამ წლის ბიუჯეტიდან გამოიყო”, – ამბობს ”ეროვნული ფორუმის” რაიონული ოფისის თავმჯდომარე.
”ეროვნულმა ფორუმმა” ინფორმაცია და მასალა მცხეთაში წყალ-კანალიზაციის სისტემსთან დაკავშირებით აქციის ”მე ”მიყვარს” საქართველოს” ფარგლებში შეაგროვა. პარტია გეგმავს, ყოველ ორშაბათს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული ფაქტები ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევებისა და უშედეგოდ გაფლანგული საბიუჯეტო თანხების შესახებ.
”ამ აქციით პარტია პასუხს გასცემს სააკაშვილის მიერ პარლამენტში დასმულ შეკითხვას, თუ სად არიან მისი კორუმპირებული მაღალჩინოსნები. ცეზარ ჩოჩელმა მცხეთა საკუთარ სამეფოდ აქცია”, – განმარტა თამარ ჩიბურდანიძემ.