ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობს.
”ფიზიკური ხელყოფა პატიმრებს არ აკლიათ, მაგრამ მარტო ეს ხომ არ ითვლება წამებად? შაბათს პატიმარმა მარიამ იველაშვილმა სამედიცინო დახმარება ითხოვა და ციხის ადმინისტრაციამ ის 24 საათის მანძილზე კვების გარეშე დატოვა საკანში – როგორ შეგვაწუხე ღამის ოთხ საათზეო… ჩვენ პირადად გვაქვს შეხება პატიმრებთან და თავად ვართ ყველაფრის თვითმხილველნი”, – აცხადებს ხატიაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, პატიმართა უფლებების დარღვევის კუთხით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნომერ მეხუთე, მეექვსე და მერვე საპატიმროებში. ხატიაშვილი ამბობს, რომ პატიმრებს არასათანადო ჰიგიენის, კვების და სამედიცინო მომსახურეობის პირობები აქვთ.
პატიმრების უფლებების შელახვის ფაქტებს 18 მარტს საპროტესტო აქციით გამოეხმაურებიან საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები. აქცია სახელწოდებით – „მეც პატიმარი ვარ“ – კინოს სახლთან გაიმართება.