ახალი ამბები

გიორგი კანდელაკი: ფარული პატრულირება ქრთამის საფრთხეს გაზრდის

9 თებერვალი, 2016 • 1564
გიორგი კანდელაკი: ფარული პატრულირება ქრთამის საფრთხეს გაზრდის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ფარული პატრულირება სამართალდარღვევებს არ შეამცირებს:

“მთავარი არის დანაშაულის პრევენცია, სწორედ ამიტომ, როცა ჩვენ  შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული საგზაო პოლიცია დავითხოვეთ, ახალი პატრულის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო ხილვადობა. როცა ადამიანი ხედავს, რომ პოლიცია არის, გიჟი უნდა იყოს, რომ მის თვალწინ სამართალდარღვევა ჩაიდინოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ქართული ოცნების” პირობებში კრიმინალი, ზოგადად, სამართალდარღვევები ძალიან დიდი მასშტაბით არის გაზრდილი, ასეთი ინიციატივა არათუ მიაღწევს რაიმე მიზანს, არამედ პირიქით, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება. ასევე ვიზიარებ კრიტიკას, რომ ავტომობილებზე უნდა იყოს მითითება ვიდეო-ფოტოგადაღების თაობაზე. ”

დეპუტატის აზრით, ფარული პატრულირება ქრთამის აღების საფრთხეებს ზრდის:

“პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ კორუფციის საფრთხეები ამ ხელისუფლების პირობებში გაზრდილია. არაერთი შემთხვევა გამოვლინდა ქრთამის აღების. ფარული პატრულირება გაზრდის კორუფციისა და მექრთამებობის საფრთხეს.”

საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ფარული პატრულირების შემღება, რასაც  საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას.

წარმოდგენილი ცვლილებებით, პოლიციას შეეძლება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარ ნიშნების არმქონე პოლიციის კუთვნილ ავტომანქანაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა.

მოქმედი კანონის თანახმად კი,  დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი