ახალი ამბებიტექნოლოგიები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოზიცია “ფარული თვალთვალის” რეგულაციაზე

9 თებერვალი, 2016 • 1952
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოზიცია “ფარული თვალთვალის” რეგულაციაზე

“ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი საკითხების, მათ შორის „ფარული თვალთვალთან“ დაკავშირებული რეგულირების შემოთავაზებული ვერსია, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს  კონსტიტუციის  განაწესთან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების  შეზღუდვის  ნაწილში  და  ასევე  „პერსონალურ  მონაცემთა  დაცვის  შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებთან”, – ასე უპასუხეს ნეტგაზეთს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში “ფარული თვალთვალის” თაობაზე დასმულ შეკითხვაზე.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში გვითხრეს,  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტთან და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მათ მიერ მომზადებული დასკვნა გასულ კვირას გაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს – ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ფარული პატრულირების შემოღება, რასაც  საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ცხოვრებას.

წარმოდგენილი ცვლილებებით, პოლიციას შეეძლება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ნიშნების არმქონე პოლიციის კუთვნილ ავტომანქანაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა.

მოქმედი კანონის თანახმად კი,  დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი