ახალი ამბები

თბილისის სომეხთა ასამბლეა სიძულვილის ენის წინააღმდეგ

11 მარტი, 2011 • 954
თბილისის სომეხთა ასამბლეა სიძულვილის ენის წინააღმდეგ

თბილისელ სომეხთა ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს მედიის ცალკეულ საშუალებებსა და ინტერნეტ სივრცეში სომხების მიმართ სიძულვილის ენის ახალ ტალღასთან დაკავშრებით.

თბილისელ სომეხთა ასამბლეის წარმომადგენელმა დავით მანუსაჯევმა დღეს ასამბლეის სახელით განცხადება გააკეთა, რომელშიც კონკრეტულად მიმდინარე წლის 3 მარტს საინფორმაციო ინტერნეტ პორტალზე ITV.ge–ზე განთავსებული ვიდეორგოლი განიხილა, სადაც, როგორც განცხადებაში ითქვა, “წარმოდგენილი იყო ე.წ.“ჯავახკის“ ჰიმნი და რუკა, სადაც საქართველოს ტეროტორიის ნაწილი ამ ახალ „სახელმწიფო“ წარმონაქმნში იყო გაერთიანებული. ვიდეორგოლს თან ახლდა რამდენიმე ექსპერტის კომენტარი, რომელშიც ეთნიკური სომხების დისკრიმინაციაზე იყო საუბარი”.

„თბილისის სომეხთა ასამბლეისათვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი შინაარსი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. მივიჩნევთ, რომ ამგვარი მასალები მიმართულია როგორც ორი მოძმე ერის, ასევე, საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებრიობის კეთილმეზობლობის წინააღმდეგ. ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით იმ ვაიმეცნიერებსა და ექსპერტებს, რომელთა „საქმიანობა“ მსგავსი შინაარსის და რიტორიკის მატარებელია და რომლებიც თავადაც მარგინალები არიან ორივე ქვეყანაში.

საინფორმაციო მასალები სომხურ „სეპარატიზმზე“, „რადიკალიზმზე“, „ფაშიზმზე“, „ტერორიზმზე“ და ა. შ. საუბრობენ. მსგავსი მასალების რიცხვში შედის ე.წ. დიდი სომხეთის რუკის გამოცემა, რომელიც თითქოსდა 2020 წლისთვის სრულიად საქართველოს ტეროტორიასაც გააერთიანებს, მასალები აფხაზეთის სომხური რესპუბლიკის შესახებ და სხვა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ამ მასალების უმრავლესობას არაფერი საერთო  აქვს არც სომეხი ხალხის და არც სომხური სახელმწიფოს პოზიციასა და მისწრაფებებთან.

ყველა ჩვენგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია იმის მცდელობა, რომ მოხდეს სომეხთა წარმოჩინება ერად, რომელსაც პრეტენზია აქვს ქართველი ხალხის უმდიდრეს კულტურასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“. –განაცხადეს ასამბლეაში.

Itv.ge-ს ჟურნალისტმა ხათუნა კაციტაძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა ასამბლეის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, თქვა, რომ სიუჟეტი მან კონკრეტული ადამიანების მიერ დაწერილ ბლოგებზე და „იუთუბზე“ განთავსებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით  მოამზადა. თბილისელ სომეხთა ასამბლეის პოზიცია კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიუჟეტში საჭიროდ არ მიიჩნია.

„მე ვიცოდი, რომ ეს პოზიცია არ იყო ასამბლეის პოზიცია, ამიტომაც არ ჩავწერეთ თქვენი კომენტარი. გპირდებით, რომ თქვენი დღევანდელი განცხადების შემდეგ სიუჟეტს სიამოვნებით მოვამზადებთ“, –აღნიშნა itv.ge-ს ჟურნალისტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი