ახალი ამბები

ამერიკული გამოცემა ქართველი დიპლომატის ქურდობაზე

10 მარტი, 2011 • 990
ამერიკული გამოცემა ქართველი დიპლომატის ქურდობაზე

საქართველოს საგერეო უწყება არ აპირებს ორშაბათამდე გააკეთოს კომენტარი  აშშ–ში საქართველოს დელეგაციის წევრის მიერ სავარაუდო ქურდობის ფაქტზე.

ნიუ იორკ პოსტი ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს  საქართველოს მოქალაქე ოლეგ შარიფოვის შესახებ, რომელმაც დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა, რათა თავი აერიდებინა გამოძიებისთვის მას შემდეგ, რაც ასობით დოლარის ღირებულების საქონელი მოიპარა მაღაზიიდან „21 საუკუნე“.

ინფორმაციას ნიუ იორკ პოსტი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 33  წლის ოლეგ შარიფოვმა მაღაზიაში $34.97 ღირებულების საქონელზე ფასი $10.97 –ით შეცვალა და ნაკლები გადაიხადა. მას თვალს მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ადევნებდა, რომელმაც დააკავა.  ჩანთაში შარიფოვს კიდევ აღმოუჩინეს მოპარული საქონელი, რომლის საერთო ღურებულება $443.62 იყო.

„მაღაზიის ადმინისტრაცია პოლიციას დაუკავშირდა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ შარიფოვი ქალაქში იმყოფებოდა საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც  შედიოდა სახელმწიფოს მეთაურიც“, –განუცხადა წყარომ პოლიციიდან ნიუ იორკ პოსტს.

„ასე რომ, იმის მიუხედავად, რომ  შარიფოვი ტექნიკურად არ არის  დიპლომატი, მას აღმოაჩნდა სრული დიპლომატიური იმუნიტეტი“.

აშშ–ს პოლიციამ აღარ დააპატიმრა შარიფოვი. გამოცემის ცნობით,  ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ განაცხადა, რომ შარიფოვი  საქართველოს მოქალაქეა და საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ნეტგაზეთი  საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს დაუკავშირდა, რადგან ნიუ იორკ პოსტის ინფორმაციის მიხედვით, დელეგაციაში სახელმწიფოს მეთაური შედიოდა.  მანანა მანჯგალაძემ ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამისამართა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და კითხვები შეგვიძლია ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დავსვათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი