ახალი ამბები

მარგველაშვილი: მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის ფუნქციების შეკრეჭვის ტენდენცია

5 თებერვალი, 2016 • 1015
მარგველაშვილი: მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის ფუნქციების შეკრეჭვის ტენდენცია

გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” განაცხადა, რომ ხდება ქართული სახელმწიფოს არქიტექტურაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობის გააზრება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი და ამ როლის შესრულება ყველასთვის მნიშვნელოვანია.

მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ დასრულდა პრეზიდენტის “ფუნქციების შეკრეჭვის”  ტენდენცია.

“მახსოვს ტენდენცია, როდესაც მე მეუბნებოდნენ, რომ კანონებზე ნუ ისაუბრებ იმიტომ, რომ შენ არა გაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, ამიტომ შენ კანონებზე შენი პოზიცია არ უნდა გამოთქვა, ამიტომ შენ უნდა იყო გასული აბსოლუტუტად იმ საკითხებზე რეაგირებიდან, რაც კანონებს შეეხება, ასეთიც მახსოვს.

მახსოვს საუბარი იმასთან დაკავშირებითაც, რომ რადგან პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ფიგურა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს, არაფერზე კომენტირების უფლება არა აქვს.

სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ, იყო ტენდენცია, რომ რადგან პრეზიდენტი მოსამართლე არ არის და რადგან მოსამართლეების საქმიანობა დაცულია კონსტიტუციით, თურმე პრეზიდენტმა სასამართლო სისტემაზეც ხმა არ უნდა ამოიღოს. არადა, კონსტიტუციურად პრეზიდენტს, როგორც საკანონმდებლო პროცესში ვეტოს სახით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების პროცესში რიგი უფლებების სახით, სხვათა შორის, მთავრობის სხდომაზე დასწრების სახით, ასევე სასამართლო სისტემაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის სახით, კონსტიტუციურად სერიოზული ფუნქციები გააჩნია. მაგრამ  იყო ტენდენცია, რომ რამენაირად შევეცადოთ და პრეზიდენტი გავიყვანოთ რეალური პოლიტიკიდან, გავიყვანოთ პოლიტიკური სივრციდან და არ ვათქმევინოთ მას თავის პოზიცია იმიტომ, რომ ამას უზრუნველყოფს და ამის გარანტორი არის კონსტიტუცია. ასეთი ტენდენცია იყო, სამწუხაროდ. ტენდენცია, რომელიც აბსოლუტურ ალოგიკურობაში არის ნებისმიერ სახელმწიფო კონცეფციასთან.

აქედან გამომდინარე, მე ვხედავ, რომ ეს ტენდენცია არის გადალახული. მე ვხედავ, რომ ბუნებრივ თანამშრომლობაში შევდივართ ყველა ინსტიტუტთან, სადაც ლეგიტიმური არის, რომ პრეზიდენტმა იკითხოს, სასამართლოს თაობაზე. არა საქმეები მოიკითხოს, არამედ მოიკითხოს, რა სტატუსშია ეს ინსტიტუტი. იკითხოს კანონის თაობაზე იმიტომ, რომ ვეტოს დადების უფლება აქვს. იკითხოს ისეთ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის ენერგოთანამშრომლობა გაზპრომთან და ა.შ.

მე  მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდეცნცია,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი