ახალი ამბები

ბიომეტრული პასპორტების ფასი არჩევნებისთვის

7 მარტი, 2011 •
ბიომეტრული პასპორტების ფასი არჩევნებისთვის

ოპოზიციური პარტიების დასკვნით, ბიომეტრული პირადობის მოწმობების დამზადება 60 მილიონი ლარი დაჯდება

დღეს სასტუმრო    ” Holiday inn”-ში  ოპოზიციური პარტიები-”ახალი მემარჯვენეები”, ”ეროვნული ფორუმი”, ”თავისუფალი დემოკრატები”, ”კონსერვატიული პარტია”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”საქართველოს გზა”, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და ”ხალხის პარტია” ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და ხელისუფლების მიერ დასახელებული პირადობის მოწმობის ღირებულების ანგარიშის ანალიზი წარმოადგინეს.  ოპოზიციური პარტიების თქმით, ბიომეტრული პირადობის მოწმობების დამზადება ხელისუფლების მიერ დასახელებული 200 მილიონის ნაცვლად 60 მილიონი ლარი დაჯდება. ”გადაანგარიშების მიზანი იყო, მეტი სიზუსტე შეგვეტანა ახალი საარჩევნო სისტემის შექმნის პროცესში”-აცხადებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან 9 მარტს დაგეგმილი შეხვედრა გადამწყვეტი არ იქნება. ”გამუდმებით ისმის კითხვა-რა მოხდება 9-ში. არ გვინდა საკრალური თარიღების შექმნა. 9 მარტს ჩვენ მოვისმენთ ხელისუფლების შემოთავაზებას, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო შეხვედრა. მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესობაზე მაისამდე გაგრძელდება”-აცხადებს ირაკლი ალასანია.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები და რევოლუციები დაგეგმილი არაა. ”დაანონსებული რევოლუციებს შედეგი არ მოაქვს. ვნახავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამისდა მიხედვით მივიღებთ გადაწვეტილებას, გაიმართება საპროტესტო გამოსვლები თუ არა”,-აცხადებს ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი.

ამავე თემაზე:

არჩევნების ბიომეტრია

მასალების გადაბეჭდვის წესი