ახალი ამბები

ქართული პრესის მიმოხილვა

7 მარტი, 2011 • 1580
ქართული პრესის მიმოხილვა

დღევანდელი  გაზეთი “ვერსია” მკითხველს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერ კახა შარტავასთან ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციასა და ახალ რეალობებზე საუბრობს. იმ შემთვხევაში, თუ “რვიანი” ხელისუფლებიდან პასუხს მარტის ბოლომდე ვერ მიიღებს, შარტავა  ხალხს თვითორგანიზების პროცესის დაწყებას, ოპოზიციას კი პოლიტიკური დაძლევის ჯგუფის შექმნას ურჩევს. მისი თქმით, ამ ჯგუფმა მოვლენათა განვითარებაზე ის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომელსაც ხელისუფლება გაურბის. ფორუმის ლიდერი “ვერსიასთან” ინტერვიუში ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რევოლუციის ტოლფასად მიიჩნევს. შარტავა პოლიტიკური პროცესების სამავლო პროგნოზებსაც აკეთებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ ჩამოყალიბდა კრებითი პოლიტიკური ლიდერი, შესაძლოა ხელისუფლებამ მოდიფიკაცია განიცადოს, ან მისგან მართული ე.წ. უმართავი ქაოსის ინსცენირება მოახდინოს, ხელახალი არჩევნები თავის სასარგებლოდ ჩაატაროს და ამით ხელისუფლების შენარჩუნება მოახდინოს.  იმისათვის, რომ ვითარება ამ სცენარით არ წარიმართოს, კახა შარტავა ქვეყნის მაშტაბით საპროტესტო ტალღის აგორების აუცილებლობაზე მიუთითებს, ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი აუცილებელ პირობად სახალხო ნდობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ მთავრობის მიერ არჩევნების ჩატარებას ასახელებს.

ოპოზიციის ნაწილის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში რევოლუციის აუცილებლობის შესახებ რეზონანსის “მთელი კვირის” ფურცლებიდან პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ეხმიანება. პოლიტოლოგი რევოლუციის გარდაუვლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ ტიპის განცხადებებისთვის არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. ზაქარეიშვილი მოსახლეობის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ხალხი, რომელიც არჩევნებზეც კი არ მიდის, რევლუციაში ვერ გამოდგება.  აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი რევოლუციაზე საუბარს არაკორექტულს უწოდებს, რადგან ამით საზოგადოების დაბნევა და არჩევნების მიმართ ნიჰილიზმის შემოტანა ხდება, რაც მხოლოდ ხელისუფლების ფრთის გაძლიერებას გამოიწვევს. პოლოტოლოგი “მთელ კვირასთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ პირველი ამოცანა უნდა იყოს ხალხის მობილიზაცია და არჩევნებზე მოყვანა, მეორე-ხალხმა არ მისცეს ხმა მმართველ პარტიას და მესამე- არჩევნების დღეს უნდა იყოს გარემო შექმნილი, რომელიც ხელს შეუწყობს  საზოგადოებას, შეცვალოს ხელისუფლება კონსტრუქციული გზით. დასასრულს ზაქარეიშვილი დასძენს, რომ არჩევნების გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი “მთელ კვირასთან” ინტერვიუში გარკვეულწილად იზიარებს ზაქარეიშვილის მოსაზრებას  საქართველოში რევოლუციის წინაპირობის არარსებობაზე და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური განვითარება წარმატებული მაშინ იქნება, როდესაც საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებების გამოც იმ რაოდენობით ხალხი გამოვა ქუჩაში, რაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.

დღევანდელი “კვირის ქრონიკა” მკითხველს ირაკლი მელაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს. მელაშვილი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადაცემა ბარიერში მიხეილ მაჭარავიანსა და დავით უსუფაშვილს შორის გამართულ დებატების დროს მაჭავარიანის მოულოდნელ განცხადებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მაჭავარიანმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მიუღებელია ბევრი რამ, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ხდება. მისი თქმით, პირველად მოხდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც დემაგოგიის კარგი ნიჭი აქვს, საკმაოდ დამთმობად გამოიყურებოდა. “მიშა მაჭავარიანს უჭკუო კაცს ვერ დავარქმევ და ძალიან კარგად ხვდება, რომ დიდი ცვლილებების დრო მოდის ქვეყანაში”-აცხადებს მელაშვილი კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში და დასძენს, რომ ამას ოპოციზიციის ის ნაწილიც ხვდება, რომელიც რვიანის ფორმატში არ მონაწილეობს.  მელაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხალხი რიგგარეშე არჩევების მოთხოვნით ქუჩაში გამოვა, ხელისუფლებამ შესაძლოა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს და არსებულ საარჩევნო გარემოში ჩაატაროს ეს არჩევნები. შედეგი კი იგივე იქნება, რაც სამჯერ უკვე ვნახეთ. პოლიტიკური ექსპერტი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობაზეც საუბრობს, და აცხადებს: ციტატა-“ის, რომ დღეს მაჭავარიანი თუ ნაც.მოძრაობის სხვა ლიდერები აღარ არიან ისეთი რიხიანები, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გაცილებით ინფორმირებულნი გახდნენ დიპლომატიური კულუარებიდან და იციან, რა ხდება საერთაშორისო ზეწოლის თვალსაზრისით.” მელაშვილის თქმით, ნაცმოძრაობაშიც ხვდებიან, რომ რეალური ცვლილებების დრო მოდის საქართველოში. დასასრულს “კვირის ქრონიკასთან” ინეტრვიუში ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები გველის და ბევრი სიურპრიზის მომსწრენი გავხდებით.

ოპოზიციის რევოლუციურ განწყობებზე საუბრობს სოსო ცისკარიშვილი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში და აცხადებს, რომ არაა დარწმუნებული გაზაფხულზე რაიმე ტიპის წინააღმდეგობა განხორციელდეს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რადგანაც ხელისუფლება დიდი ხანია მომზადებულია, აღკვეთოს ოპოზიციის ნებისმიერი არაკკონსტრუქციული მცდელობა. ამ არგუმენტს ექსპერტი იმით  ამყარებს, რომ ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით, მიუხედავად ევროკავშირის, გაეროს და ნატოს მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლება მორცხვად დუმს. ცისკარიშვილი რევოლუციის ალბათობასთან დაკავშირებით პარალელებს არაბულ სამყაროსთანაც ავლებს და დასძენს, რომ საპროტესტო აქციებში იქ წამყვანი ბირთვი ახალგაზრდებით იყო წარმოდგენლი, ხოლო ჩვენთან საპროტესტო მუხტის მატარებელნი უფროსი ასაკისანი არიან. ამასთან, იგი დასძენს, რომ ახალგაზრდობის აქტიურობა ასეთ პროცესებში ბევრად უფრო მნიშცნელოვანია, ვიდრე ასაკოვანი ხალხის და ნაც.მოძრაობის  მიერ ახალგაზრდების გაპასიურების წარმატებულობაზე საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი