ახალი ამბები

მიკროავტობუსების რამდენიმე ხაზზე მგზავრობა 70 თეთრამდე გაძვირდა

7 მარტი, 2011 • • 1006
მიკროავტობუსების რამდენიმე ხაზზე მგზავრობა 70 თეთრამდე გაძვირდა

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადების მიუხედავად, 50-დან 70 თეთრამდე გაძვირდა #141, #221 და #5ა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური.

საფასურის გაზრდის მიზეზად მძღოლები საწვავზე გაზრდილ ფასებს ასახელებენ.

”ჩემმა მანქანამ ერთ მარშრუტზე 57 კილომეტრი უნდა გაიაროს. საწვავი გაძვირდა. თუ ფასი არ გაიზრდებოდა, ვეღარ ვიმუშავებდით, არაფერი არ დაგვრჩებოდა. არის მანქანები, რომლებიც 8 კილომეტრს გადიან ერთ ხაზზე. იქ არ გაძვირებულა მგზავრობის ფასი ”, – ამბობს დათო მაისურაძე, #221 მიკროავტობუსების კოორდინატორი.

მძღოლები ამბობენ, რომ 3-4 დღეა, რაც მგზავრობა იმ რამდენიმე მიკროავტობუსით გაძვირდა, რომლებიც დედაქალაქში დიდ მანძილზე გადაადგილდებიან.

#221 მიკროავტობუსი რკინიგზის სადგურიდან ლილოს დასახლებაში მიდის; #5ა აფრიკის დასახლებიდან – ელიავას ბაზრობაზე; ასევე დიდ მანძილს გადის # 141 მიკროავტობუსიც.

ჯერჯერობით, მგზავრობა მხოლოდ ამ მარშრუტებზე გაძვირდა, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ 15 მარტიდან მგზავრობის ფასმა შესაძლოა ყველა მარშრუტზე 10-20 თეთრით მოიმატოს.

”რა ვქნათ, თუ არ გაძვირდა?! საწვავი ძვირდება, ჩვენ ხელფასი აღარ გვრჩება. შაბათს 15 ლარის ზარალი მქონდა”, – ამბობს #183 მიკროავტობუსის მძღოლი ლევან მარაბელი.

მძღოლები ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასი 1,80ლარიდან 2,20 ლარამდე გაიზარდა. მათი თქმით, დღეში საშუალოდ 30- 40 ლარი თუ რჩებოდათ მოგება, ახლა ეს თანხა განახევრდა.

კომპანია ”ვისოლის” ინფორმაციით, 26 თებერვლის შემდეგ ფასები ბენზინზე 5 თეთრით გაძვირდა. დიზელენერჯის ფასი ამჟამად 2,15 ლარია, ხოლო აპიდიზელის ფასი – 2,30 ლარი. ”ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურებზე კი დიზელის ფასი ამჟამად 2,25 ლარია. ამ კომპანიის ინფორმაციით, დიზელის ფასი 2 ლარზე ნაკლები 1,97 ლარი წინა წლის ბოლოს იყო, თუმცა იანვრიდან ფასმა ზრდა დაიწყო.

“ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა იმის დასადგენად, თვითნებურად გააძვირეს ცალკეულმა მიკროავტობუსებმა მგზავრობის ტარიფი, თუ ეს ქალაქის მერიასთანაა შეთახმებული, რის საფუძველზეც თბილისში შესაძლოა ყველა მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდეს. მერიის პრეს–სამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს დააზუსტებენ და ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგვაწვდიან.

თბილისის მერია: ”მიკროავტობუსით მგზავრობა მერიას არ გაუძვირებია”

მასალების გადაბეჭდვის წესი