ახალი ამბები

მერიის ცნობით, ივნისის სტიქიისას დაზარალებულ ავტომფლობელებს 74 450 ლარი გადაეცემათ

4 თებერვალი, 2016 • 1393
მერიის ცნობით, ივნისის სტიქიისას დაზარალებულ ავტომფლობელებს 74 450 ლარი გადაეცემათ

თბილისის მერიის ცნობით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების 27 მფლობელს ფულადი დახმარების სახით 74 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხებათ.

მერიის ცნობით, 27-ივე მფლობელი ფიზიკური პირია. დახმარების გაცემის ხელშეკრულებას მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ ხელი დღეს, 4 თებერვლას მოაწერა. 

მერიის ცნობით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100-ზე მეტ ფიზკურ პირს განადგურებული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №33-128 დადგენილების შესაბამისად აუნაზღაურდება.

მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ფულადი დახმარება გაიცემა, იყოფა ორ კატეგორიად:

I კატეგორიაში შედის სტიქიის შედეგად განადგურებული ავტომობილები, რომლებიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას.

II კატეგორიაში კი შედის სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით ექვემდებარება აღდგენას.

 

I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება ნაკლებია 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით;

I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70 %-ის ოდენობით.

II კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 25 %-ის ოდენობით.

მერია აცხადებს, რომ სააგენტო ფულად დახმარებას არ გაუწევს იმ პირებს, რომლებსაც დაზღვეული ჰყავდათ ავტომობილი. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც კერძო სექტორის მხრიდან გადაეცათ ავტომობილები, ან მიიღეს ფულადი დახმარება.

მერიიც ცნობით, იმ ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაუზიანდათ ავტომობილები და არ ირიცხებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებში, უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი