საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით შპს „სამშენებლო–კომერციული კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი, თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.
სამსახურის ცნობით, საქმე ეხება ავჭალის დასახლებაში არსებული ე.წ. ზაჰესის ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია დაესრულებინა, თეიმურაზ წივწივაძემ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.