ახალი ამბები

სტადიონი, რომელიც არ აშენდა

3 მარტი, 2011 • 1630
სტადიონი, რომელიც არ აშენდა

კომპანია Project Development Adjara-სა და სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმება ჩაიშალა. ინვესტორს ბათუმში “ფიფას” სტანდარტების შესაბამისი სტადიონი უნდა აეშენებინა. აჭარის მთავრობა კი ჩავარდნილი პროექტის თაობაზე ინფორმაციას არ ახმაურებს.

  “არაფერი შეცვლილა, ველოდებით პასუხს კომპანიისგან, როდის დაიწყებენ მშენებლობას. სხვა ცვლილებები არ გვაქვს. რატომ დააგვიანეს პროექტის წარმოდგენა, ეს მიზეზი არ არის საინტერესო პრესის მკითხველებისთვის. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს” – განაცხადა სატელეფონო საუბარში აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა, ზაზა გუმბარიძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი 2010 წლის 25 ოქტომბერს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა ინვესტორს და დაუბრუნდა აჭარის მთავრობას.

“საჯარო რეესტრის ამონაწერს თუ ნახავთ, იქაც ჩანს, რომ ის ქონება, რომელიც Project Development Adjara-ს გადავეცით, ისევ სახელმწიფოს საკუთრებაა” – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, ზურა ჭურკვეიძემ.

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გასული წლის 14 აპრილს აჭარის მთავრობისა და განათლების სამინისტროს ვებგვერდიდან გავრცელდა. სტადიონი ანგისის დასახლებაში მდებარე სპორტული კომპლექსის ადგილას უნდა აგებულიყო. პროექტის ღირებულება კი 40 მილიონ ევროს შეადგენდა.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს Project Development Adjara-ს ანგისაში 4.8 მილიონ ლარად შეფასებული მიწის ფართობი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს. არსებული მიწის ფართობი სტადიონის მშენებლობისთვის ინვესტორს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის 2010 წლის 14 მაისის (#87) ბრძანებულების საფუძველზე გადაეცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაც (#371)  Project Development Adjara-სთვის ქონების გადაცემაზე 14 მაისსაა გამოცემული, ანუ იმ დროს, როცა ინვესტორი კომპანია ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული. ფაქტობრივად, აჭარის მთავრობა გარიგებაში შევიდა კომპანიასთან, რომელიც იურიდიულად არ არსებობდა. იმავე რიცხვშია რეგისტრირებული Project Development Adjara-ს პარტნიორთა კრების ოქმიც, რის საფუძველზეც კომპანიის წარმომადგენელს აჭარის მთავრობასთან შეთანხმების უფლება მიეცა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს Project Development Adjara –ს რეგისტრაციის თაობაზე განცხადება გასული წლის 17 მაისს შევიდა. საბოლოოდ კი, კომპანია 2010 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა. რეგისტრაციიდან სამ დღეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.

იურისტი, გია ქარცივაძე: „სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იურიდიული პირის  უფლება-უნარიანობა წარმოიშვება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. რადგან 14 მაისს, როცა მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრის ბრძანებები გამოიცა, აღნიშნული იურიდიული პირი არ არსებობდა, შესაბამისად, ქონების გადაცემაც იყო უკანონო“.

„ბათუმელებმა“ ანგისის სტადიონის გასხვისებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ქსეროასლები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან გასული წლის ივნისში გამოითხოვა, თუმცა სამინისტროდან მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების ქსეროასლი მოგვაწოდეს. რამდენიმე დღის წინ კი სრული დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობა მოვითხოვეთ. სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილ დოკუმენტებში არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის (#87) და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (#371) ბრძანება, რომელთა საფუძველზეც ინვესტორს ქონება გადაეცა.

სამინისტროში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძვლად მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრის სრულიად სხვა ბრძანებები გვაჩვენეს (2010 წლის 28 მაისის #89 და 31 მაისის #419): „ალბათ, ტექნიკური შეცდომაა“ – განაცხადეს სამინისტროში.

გია ქარცივაძე: „ამ საქმეში იკვეთება როგორც სამსახურებრივი გულგრილობის, ასევე თანამდებობის პირის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც. თუკი დავუშვით, რომ ეს ჩანაწერი – „14 მაისი“, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მართლაც ტექნიკური ხარვეზია და უბრალო შეცდომასთან გვაქვს საქმე, მაშინ ჩნდება სხვა კითხვა, ბრძანებები – #87 და #371-იც ტექნიკური ხარვეზია? პარტნიორთა კრების ოქმის თარიღიც ხარვეზია? – უბრალოდ, შეუძლებელია ამდენი დამთხვევა და ამდენი ცდომილების დაშვება ოფიციალურ დოკუმენტში“.

ეკონომიკის სამინისტროსა და Project Development Adjara-სთან ხელშეკრულება პირველ ივნისს გაფორმდა, რომლის მიხედვით, ინვესტორს 77896 კვ.მ ფართობზე ფიფას სტანდარტების 10 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი უნდა აეშენებინა, არანაკლებ 7000 კვ.მ კომერციული ფართობით. გარდა ამისა, ინვესტორი ვალდებული იყო, ამ პროექტის ფარგლებში აეშენებინა 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, სამორინეთი და 770 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით. მშენებლობის პროექტი კი ინვესტორს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა წარმოედგინა, თუმცა ინვესტორმა, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, არა მარტო პროექტთან დაკავშირებული ვადები დაარღვია, მან „არ წამოადგინა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.  რის გამოც სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმება ჩაიშალა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს Project Development Adjara  საქართველოში რეგისტრირებულმა შპს MGO GROUP -მა დააფუძნა, რომლის ერთ-ერთი მეწილე და პარტნიორი შპს „გზაა“. ინვესტორ კომპანიასა და შპს MGO GROUP – ს ერთი და იგივე მმართველი დირექტორი, მაურის ნიკოლას მარტენსი ხელმძღვანელობს. პარტნიორობის მიუხედავად, ხელშეკრულების გაუქმებაზე ინფორმაციას არ ფლობს შპს „გზა“: „ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ხდება. პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა, ვერ გეტყვით, რატომ. პროექტის იაპონელი ავტორი ორი თვის წინ თურქეთში გარდაიცვალა, შესაძლებელია, ეს იყოს შეფერხების მიზეზი“ – ამბობს შპს „გზას“ დირექტორი, მალხაზ დუმბაძე, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მას ფაქტობრივად არ აქვს კავშირი პარტნიორი კომპანიის დირექტორთანაც: „მარტენსთან მე არ მაქვს არანაირი კონტაქტი, ამიტომ მშენებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც არ ვფლობ. ჩვენ მხოლოდ მშენებლობა გვევალებოდა“.

კომპანიის მმართველ დირექტორს მაურის მარტენსს “ბათუმელები” ჰოლანდიაში ტელეფონით დაუკავშირდა, იგი შეგვპირდა, რომ ხელშეკრულების გაუქმების მიზეზებზე წერილობით მოგვწერდა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

შპს „გზასა“ და შპს MGO GROUP -ს ერთი საერთო ოფისი აქვთ, თუმცა საერთო კომპანიის ლოგო ოფისის ფასადიდან მას შემდეგ ჩამიოხსნა, რაც „გზას“ ოფისში  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აჭარის პროკურატურა შევიდა. მალხაზ დუმბაძე ამ ფაქტს ასე ხსნის: „MGO GROUP -ის საქმიანობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, სანამ მშენებლობის პროცესი არ დაიწყება“.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი