ახალი ამბები

თინა ხიდაშელი მიკროავტობუსების მძღოლების აქციის შედეგით კმაყოფილია

3 მარტი, 2011 •
თინა ხიდაშელი მიკროავტობუსების მძღოლების აქციის შედეგით კმაყოფილია

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა მოახერხეს საკუთარი ინტერესების დაცვა, თუმცა, ვფიქრობ, მათ ისევ მოატყუებენ. ამიტომაც ამ ადამიანების ინტერესების დამცველმა ჯგუფებმა აქტიურად უნდა ადევნონ პროცესის განვითარებას თვალი”, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მძღოლებისგან კომპანიები დღიურად 40 ლარის გადახდას ითხოვდნენ, საპროტესტო აქციების შემდეგ კი მათ ეს თანხა 10 ლარამდე შეუმცირეს. ხიდაშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერი სამარშრუტო მიკროავტობუსების გადამყვანი კომპანიების გამოსავლენად, ელიტარული კორუფციით იყო გაჯერებული.

”ჯერ კიდევ 27 იანვარს გავმართე ბრიფინგი და განვაცხადე, რომ ტენდერში მონაწილე 8 კომპანიიდან ოთხი კომპანია იქნებოდა გამარჯვებული. სამწუხაროა, რომ მაშინ ჟურნალისტებმა  დეტალების გარკვევა არ ისურვეს”,-ამბობს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელმა ოპოზიციური პარტიების განცხადებასაც გამოეხმაურა მოსალოდნელი რევოლუციის შესახებ და აღნიშნა, რომ დაანონსებული რევოლუციები არასდროს ამართლებს. ”ბოლო წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ არასერიოზული და არაფრისმომტანია დაანონსებული რევოლუცია. მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებით და მოვლენების ადეკვატური იქნება ჩვენი გადაწყვეტილებაც – შევუერთდებით თუ არა მათ, თუკი აქციები დაიწყება”, – აცხადებს ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი