ახალი ამბები

რეგიონული პრესის მიმოხილვა

2 მარტი, 2011 • 1425
რეგიონული პრესის მიმოხილვა

გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ბაკურიანში დამსვენებელთა სიმცირეა. დაბა ბაკურიანის ტურისტული სააგენტოს სპეციალისტის მარიკა მაკიევის განმარტებით, გასულ წელს ბაკურიანს 35 ათასი ტურისტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან ესტუმრა.

„25 დეკემბრიდან დღემდე კი, ბაკურიანს 15 ათასი ტურისტი ეწვია, აქედან ცხრა ათასი უცხოელი ტურისტი იყო. ვიმედოვნებ, რომ გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობის მხრივ დიდი განსხვავება არ იქნება, _ ამბობს მარიკა მაკიევი და ამატებს, – იანვარში ბაკურიანი 100 პროცენტით არის ხოლმე დატვირთული წელს კი იანვრის შუა რიცხვებამდე თოვლი არ ყოფილა და დამსვენებელის სიმცირეც ამან გამოიწვია.“

ბაკურიანში მცხოვრები სასტუმროების მეპატრონეები და ადგილორივი მოსახლეობა კი დამსვენებელთა სიმცირეს არასწორ სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებენ; მათი აზრით, დამსვენებელთა სიმცირე მესტიაში ახლადგახსნილი ზამთრის კურორტის ზედმეტად რეკლამირებაში გამოიხატება. ხელისუფლება არ იზირებს მოსაზრებას, რომ ბაკურიანში საკურორტო სეზონი ჩავარდა და იმედოვნებს, რომ თოვლთან ერთად, დამსვენებლებიც მოვლენ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზაფხულიც მოვიდა. 

გაზეთ “ქართლის ხმის” ინფორმაციით, გორის თეატრში მსახიობს განცხადება პოლიციელების თანდასწრებით დააწერინეს.

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ მმართველის კაბინეტში მსახიობ საშა ტატიშვილს პოლიციის თანდასწრებით თეატრიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინა. თეატრის მსახიობები ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობენ. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისი მასალებს სახალხო დამცველის აპარატს გადაუგზავნის.  თეატრის მმართველის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძე ,,ქართლის ხმას”-თან საუბარში აცხადებს, რომ მსახიობმა განცხადება მართლაც კაბინეტში ორ უცხო პიროვნებასთან ერთად დაწერა, რომელთაგან ერთ-ერთი მისი მეგობარი იყო. თავად მსახიობი ამბობს, რომ თეატრის დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და იქვე, მისი თანდასწრებით პოლიციას გამოუძახა, შემდეგ განცხადების დაწერა მოსთხოვა, თანაც ისე, რომ საფუძვლად საკუთარივე ოჯახური პირობები ჩაეწერა. უკიდურესად დაძაბულ ვითარებას გორის თეატრში მსახიობები ადგილობრივი კადრების სამხატვრო ხელმძღვანელის სტუდენტებით ჩანაცვლებით, ფინანსური დაინტერესებთ და რეგიონის ხელმძღვანელობისთვის თეატრის დასისადმი არალოიალურობით ხსნიან.

“ახალი გაზეთის” ინფორმაციით, ქუთაისში უმაღლესი სასწავლებლების ინტეგრაციის პროცესი გრძელდება. როგორც გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რეფორმის ინიციატორებს თავადაც კარგად გააზრებული არ აქვთ ცვლილების შინაარსი, მიმართულებები და საჭიროება: ჯერ იყო და უმაღლეს სასწავლებლებს აკრედიტაცია მოთხოვეს, მერე დაიწყო ავტორიზაციის პროცესი, ახლა კი ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს. ავტორიზაციის გავლამდე სასწავლებლებს სტატუსი შეჩერებული აქვთ, მაგრამ პროცესი ჭიანურდება, რადგან სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული ავტორიზაციის სტანდარტები. ამასობაში კი რამდენიმე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი დანარჩენებს “ისრუტავს”, რაც, ბუნებრივია, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ცენტრალიზებული საუნივერსიტეტო ქსელის შექმნით ადგილებზე არსებული რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის მდიდარი ბაზა და ქონება ერთი ჯგუფის მიერ ადვილად სამართავი გახადონ. ვარაუდს საფუძვლად უდევს განათლების მინისტრის განცხადება, რომ სამომავლოდ საჭიროა უმაღლესი სასწავლებლები საჯარო სამართლის იურიდიული პირებად კი არა, კერძო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდნენ. გაურკვევლობას ისიც უწყობს ხელს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან არა თუ ჟურნალისტები, არამედ ამ პროცესში მოქცეული ადამიანებიც კი ვერ იღებენ დეტალურ ინფორმაციას. აქვე დგება შემცირებების მტკივნეული საკითხიც. მართალია, ჯერჯერობით, სამუშაო ადგილები შენარჩუნებულია, მაგრამ გაზეთთან საუბარში წყარო ამბობს, რომ პედაგოგებს ხელშეკრულებები ორი თვით გაუფორმეს და მაისის შემდეგ შემცირებები დაიწყება.

გაზეთი “რუსთავის ამბები” საინტერესო მასალას აქვეყნებს. მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თვითმმართველი ქალაქების ტერიტორული მართვის ორგანოებს რამდენიმე დაემატა. ამას ხსნიდნენ იმ მოტივით, რომ მოქალაქეები დაშორდნენ თვითმმართველობებს და სერვისის მისაღებად შორ მანძილზე ეხდებოდათ გადაადგილება. ასე დაემატა რუსთავში არსებულ 5 გამგეობას 5 ახალი ტერიტორიული ერთეული. ცალკე საუბრის თემაა, თუ რატომ გაუქმდა ახალი თვითმმართველობის სისტემაში პრველი დონე, თუკი ხელისუფლება თვლის, რომ მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახლოს უნდა იყოს და ჩვენს სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს 20-30 კილომეტრის გავლაც კი უხდებათ სერვისის მისაღებად. მაშინდელი ვარაუდი, რომ ამით ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციულ რესურსს ქმნიდა, კიდევ უფრო საფუძვლიანი ხდება – არჩევნების შემდგომ, როცა ჯერი მუნიციპალიტეტების რეალური ფუნქციების შესრულებაზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ დამატებული მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არსებობდა – საოფისე ფართის უქონლობის გამო  რუსთავში რამდენიმე მუნიციპალიტეტი ერთ შენობაშია განთავსებული და ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს! მოსახლეობასაც, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მაინც ერთ შენობაში უხდება მისვლა. მაგალითად, მე-17-ე მიკრორაიონში ერთ შენობაში 2 მუნიციპალიტეტია განთავსებული, 21-ე მიკრორაიონში კი,  ერთ ამორტიზებულ და მოუწესრიგებელ ადმინისტრაციულ შენობაში სამი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტაციაა თავმოყრილი! ვფიქრობთ, აქ კომენტარიც ზედმეტია!

უსაფრთხოების წესების დარღვევის მიზეზით ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში გარდაცვლილი 29 წლის ავთანდილ ყოჩიაშვილის მშობლები სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ სასამართლოში უჩივლებენ. დაზარალებული ოჯახი ენერგოკომპანიისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, სოფელ ვარდისუბანში თოვლისგან გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების გადაბმის დროს, მოულოდნელად ელექტროენერგია ჩაირთო, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა. 40 წლის ნიკოლოზ არევაძე და 29 წლის ავთანდილ ყოჩიაშვილი ადგილზე დაიღუპნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ლაგოდეხის პოლიციაში მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გაზეთი “სპექტრი” კახეთიდან გვატყობინებს, ახალი წლიდან მოსახლეობას მოხმარებული ბუნებრივი აირის ქვითრებში ახალი ტერმინი “ტშკ” დახვდათ და შესაბამისად  _ გადასახადიც მიუვიდათ. ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ რას ნიშნავს ეს აბრევიატურა, რადგან მოსახლეობისთვის განმარტებისთვის თავი არავის შეუწუხებია. როგორც გაირკვა, შ.პ.ს “სოკარ ჯორჯია” მოსახლეობას ტემპერატურის შემასწორებელი კოეფიციენტის ღირებულებას ახდევინებს.

როგორც შესაბამისს სამსახურში ამბობენ, ეს ძველი მრიცხველების არაზუსტი მუშაობის გამო დაწესებული გადასახადია. ახლა მიმდინარეობს ახალი მრიცხველების დამინტაჟება და სამ თვეში ტშკ-ს გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ იქნება. მანამდე კი, როგორც ჩანს, კახეთის მოსახლეობას, ათი ათასობით აბონენტს, მისი გადახდა მოუწევს; საინტერესოა,  რამდენად კანონიერია გადასახადის დაწესება საკუთარი გაანგარიშებით გამოყვანილი კოეფიციენტის საფუძველზე.

გაზეთი “გურია ნიუსი” ვრცელ ადგილს უთმობს თემას, რომელიც სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში სერტიფიცირებული სათესლე მასალის შემოტანას ეხება. თესლის  გაცემა 1 მარტიდან დაიწყება. ამასთან, სამინისტრო აგრძელებს თესლის მიღების მსურველების პროგრამაში დარეგისტრირებას. თუმცა არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, რომელმაც შესაძლოა რამდენიმემილიონიანი პროექტის კრახით დასრულება გამოიწვიოს. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სიმინდის ჰიბრიდული ჯიშის დასათესად, რომლის თესლი საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ დ 65 000 მარცვალი, 240 ლარი, განსაკუთრებულ პირობებში უნდა დაითესოს – ფართობი იდეალურად სწორი, დაფარცხული და დამუშავებული უნდა იყოს, არ გამოდგება ზედმეტად ტენიანი და დაჭაობებული ადგილები; საგულისხმოა, რომ მიღებულ მოსავალს საგაისოდ სათესლე მასალად ვერ გამოიყენებენ – მომავალ წელს სათესლე მასალა ისევ კორპორაციიდან უნდა შეისყიდონ. ფრინველებისგან დასაცავად თესვა ვაკუუმის მეთოდით უნდა მოხდეს, რასაც სპეციალური ტექნიკა სჭირდება. აგრეთვე, ჰიბრიდული სიმინდი დამტვერვის დროს მეზობელ ნაკვეთებზე ადგილობრივი ჯიშის გადაგვარებასაც იწვევს. გურიის ხელისუფლება გლეხებს ბანკების წარმომადგენლებს ახვედრებს; ამჯერად ხელისუფლება  გამოთქვამს მზადყოფნას, მიწების ლეგალიზებაში დაეხმაროს მესაკუთრეებს, ხოლო შემდეგ დაკანონებული მიწების საბანკო სესხებისთვის გამოყენებას ურჩევს. ცხადია, გლეხებს, რომლებსაც საწავავისა და სასუქის ფულის უქონლობის გამო მიწა დაუმუშავებელ რჩებოდათ, ჰექტარზე საჭირო 65 000 მარცვლის შესაძენი ფულის შოვნაც გაუჭირდებათ. ისინი იძულებული იქნებიან, ბანკებიდან პროცენტიანი სესხები აიღონ და გარანტიად მიწის ნაკვეთები ჩადონ. ამ საეჭვო ექსპერიმენტის შედეგი კი ზემოთ ჩამოთვლილ პირობებზე და ამინდზე იქნება დამოკიდებული.

კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი  დეტალი: ხელისუფლება PR38R92 მარკის ყვითელი, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის 65 000 მარცვალს 240 ლარად მოგვყიდის. ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე ვინმე ალექსეი ბონდარი ფირმა “პიონერის” ამავე მარკის 80 000 მარცვალს (საიტზე ეს რაოდენობაა ერთეულად მიჩნეული) ვიპ-ფასში 111 დოლარად გვთავაზობს. ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებით შეგვიძლიათ გავიანგარიშოთ, რომ შემოთავაზებული 65 000 მარცვლის ფასი მაქსიმუმ 158 ლარია! თანაც, უკრაინაში კერძო პირის მიერ უკვე ჩატანილი და ბონდარის მოგებაწამატებული. საქართველოში კი “სახელმწიფო”, რომელიც პროდუქციაში ბონდარზე გაცილებით ნაკლებს გადაიხდიდა პირდაპირ სიმინდის მწარმოებელი ქვეყნისგან ყიდვის დროს, საკუთარ, გაჭირვებულ მოსახლეობას შესასყიდ ფასზე ორჯერ მეტს ახდევინებს, ეს გაორმაგებული ფასი კი ბანკისგან სესხაღებულ გლეხს, პროცენტების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაეზრდება!

მასალების გადაბეჭდვის წესი