ახალი ამბები

საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები 3 თებერვლის მდგომარეობით

3 თებერვალი, 2016 • 1191
საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები 3 თებერვლის მდგომარეობით

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 თებერვლის მდგომარეობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე დაწესებულია შეზღუდვები.

თოვლის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური -კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაური და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური –კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვებია დაწესებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე. აქ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ173 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია. კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე- 5 კმ-ში მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართულია გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, აცხადებს დეპარტამენტი.

ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი