ახალი ამბები

ქართული პრესის მიმოხილვა

1 მარტი, 2011 • 3073
ქართული პრესის მიმოხილვა

დღევანდელი ქართული პრესა სამარშუტო ტენდერში გამარჯვებულ მონოპოლისტთა სქემას შიფრავს. რეზონანსის მთელი კვირა აქვეყნებს სტატიას სათაურით- “რა აკავშირებთ გიგი უგულავას და ბიზნესმენ შარანგიებს თბილისის სამარშუტო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან”. როგორც გამოცემა იუწყება, თბილისის მერის  მიერ ჩატარებული სამარშუტო ტენდერის გამარჯვებული კომპანიები “ჯიემსი ჯგუფის” მეწილეები და აღნიშნულ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანები არიან. მათი ნაწილი თბილისის მერის დიდი ხნის ნაცნობიცაა, რაც კონკრეტული დოკუმენტაციითაც დასტურდება. სტატიის თანახმად, სქემა ასეთია: ერთის მხრივ, ტენდერში გამარვებული კომპანიები “ჯიემსი” ჯგუფი- თბილისის მერი უგულავა, მეორეს მხრივ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები-ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები შარანგიები. “მთელი კვირა” დეტალურად შიფრავს ამ სქემას და  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიების უკან ერთ პიროვნებას ასახელებს. ამ არგუმენტს კი იმით ხსნის, რომ ამ კომპანიების წესდებები ერთმანეთის იდენტურია და ნოტარიუსის მოსაკრებელი ერთსა და იმავე ბანკის ფილიალში 5-5 წუთიანი სხვაობით გადაიხადეს. სტატიის ავტორი ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უკან მდგარ შარანგიების ბიზნესებზეც წერს და დეტალურად შიფრავს მათ კავშირებს ხელისუფლებასთან. გამოცემასთან ინტერვიუში საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თბილისის მერს, უგულავას ამ ბიზნესში პირადი ინტერესი ჰქონდა-ერთი, რომ ათასობით მოქალაქე იყო ჩართული და თავს ირჩენდა ისე, რომ სახელმწიფოსთვის ხელი არ ჰქონდა გაწვდილი, რაც ხელისუფლებისთვის პრობლემას ქმნიდა, მეორეს მხრივ კი, ხიდაშელის თქმით,  სრულიად კორუფციული პროექტია, როდესაც დიდი ხნის ნაცნობებს აძლევ ბიზნესს. დასასრულს კი საკრებულოს წევრი ხელშეკრულებების გადახედვის აუცილებლობაზე მიანიშნებს.

დღევანდელი მთელი კვირა სამარშუტო მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით სამოქალაქო ბუნტის საფრთხეზეც საუბრობს და მკითხველს ამასთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებებსაც სთავაზობს. ასე, მაგალითად, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ გაგრძელდება რეპრესიები მძღოლებზე, ამას კი ისინი არ შეეუგებიან, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია უფრო დაიძაბოს და პროცესები უმართავი გახდეს. თავის მხრივ, მოვლენების პროგნოზირება უჭირს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ სამოქალაქო ბუნტის დაწყების საბაბი შეიძლება მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება გახდეს. მისი თქმით, “სამარშუტო ტაქსების თემა კიდევ ერთი სოლიდური აგურია ქართული ღირსების სამარის აშენების პროცესში, ხოლო როდის დაიწყება ამ სამარის ნგრევა, ამას ქართველი ხალხი თავად გადაწყევტს-დასძენს სოსო ცისკარიშვილი “მთელ კვირასთან” ინტერვიუში.

დღევანდელი “კვირის პალიტრამკითხველს დემურ გიორხელიძესთან ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის სამარშუტო მძღლოების გაფიცვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “თუ ამ ხალხის აზრი და გასაჭირი უყურადღებოდ დარჩება, ეს შეიძლება სხვა ფორმებში გადაიზარდოს, თუმცა იქვე დასძენს რომ მასობრივ სოციალურ უკმაყოფილებაში ამ ამბების გადაზრდა შეუძლებლად მიჩნია”. ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით  გიორხელიძე აცხადებს, რომ მთელი საიდუმლო ისაა, რომ ჩინოვნიკები ფულს იღებენ რაღაც სამსახურის საფასურად. ის რომ ეს ფული ბიუჯეტში ვერ ხვდება, სახელმწიფოს პრობლემაა და არა მოქალაქეების. გამოსავლად ეკონომიკის ექსპერტს მიაჩნია სახელმწიფო პროგრამის ჩართვა მასობრივი ეკონომიკური საქმიანობის სტუმულირებისთვის. გიორხელიძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინეტრვიუში დასძენს, რომ თუ მთავარ ამოცანად ამას არ დაისახავენ, ბრძოლა იმისთვის, რომ ვიღაცამ ქუჩაში ქრთამი არ აიღოს, შედეგს ვერ მოიტანს.

გაზეთი “ახალი თაობა მკითხველს ხალხის პარტიის ლიდერ ალეკო შალამბერიძესთან ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის მძღოლების აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. რაც შეეხება ხელისუფლებასთან დიალოგის ალბათობას, ხალხის პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ დიალოგის არარსებობა სიტუაციის კულმინაციამდე მიყვანას უწყობს ხელს და ხელისუფლებასთან სოციალურ პრობლემებზე საუბრის მზადყოფნას გამოთქვამს. შალამბერიძე დასძენს, რომ მათთან ხელისუფლებას დიალოგის შეთავაზება არ მოუხდენია და ამის მიზეზად ამერიკის საელჩოსთან კავშირის ნაკლებობას ასახელებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ასეთ შეხვედრებს სწორედ ეს სამსახური უწევს ორგანიზებას.  ალეკო შალამბერიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ხაზს უსვამს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან დიალოგის აუცილებლობას, თუნდაც იმიტომ, რომ ბოკერია საქართველოში არსებული ვითარების ერთ-ერთ შემოქმედად მიაჩნია. “ხალხის პარტიის” ლიდერი  დასძენს, რომ ხელისუფლების დამხობა კარგს არაფერს მოგვიტანს და სჯერა, რომ ხელისუფლება ხალხს ამისკენ არ უბიძგებს. ამის წინაპირობად კი შალამბერიძეს სწორედ დიალოგის არსებობა მიაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არ გამორიცხავს მისი მხრიდან რევოლუციის მოთხოვნით გამოსვლას. დასასრულს პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებმა ცივილიზებული ფორმებით უნდა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა.

გაზეთი “კვირის ქრონიკა” აქვეყნებს სტატიას სათაურით- “დიდი დაპირისპირება ნაციონალებში”. გამოცემის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტოს რეორგანიზაციამ მმართველ გუნდში დაპირისპირება გამოიწვია. სტატიის ავტორი სანდო წყაროზე დაყდრნობით აღნიშნავს, რომ სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესის განხილვისას ქუთაისის მაჟორიტარ დეპუიტატს, აკაკი ბობოხიძეს გოგა ხაჩიძე დაუცავს და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გაუკრიტიკებია, მეტიც, პრემიერი თანამდებობისთვის შეუფერებლად მოუხსენიებია. ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ პრემიერს უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი გამოსარჩლებია და და სიტუაცია უკიდურესად დაძაბულა.

გამოცემის თანახმად, დაპირისპირებაში ჩაერთო ნაციონალური მოძრაობის წევრი გოჩა თევდორაზე, მას აკაკი ბობოხიძის პოზიცია გაუზიარებია. თევდორაძეს მისი თანაგუნდელი, ეკა ხერხეულიძე გაუკრიტიკებია და უთქვამს, რომ ქუთაისში ინვესტიციების შესვლა, სწორედ ხერხეულიძეების ოჯახი უშლის ხელს.

“კვირის ქრონიკა” ამ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ –ერთი ლიდერის, ზურაბ მელიქიშვილის ინტერვიუსაც სთავაზობს მკითხველს, რომელიც აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ირგვლივ მსჯელობა იყო, თუმცა დაპირსპირებას ნაციონალური მოძრობის წევრებს შორის გამორიცხავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი