ახალი ამბები

ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფხაზებს და ოსებს C ჰეპატიტის მკურნალობა ეზღუდებათ

2 თებერვალი, 2016 • 1308
ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფხაზებს და ოსებს C ჰეპატიტის მკურნალობა ეზღუდებათ

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, “უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ყველა პირის უფლებების თანაბარი რეალიზება და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს შესაძლებლობა მისცეს ჩაერთონ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში”.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. სავალალო მდგომარეობაშია კლინიკები და ამბულატორიები, მცირეა კვალიფიციური ექიმების რაოდენობა. მოსახლეობას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს საოკუპაციო ხაზის გადმოსაკვეთად”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები, განურჩევლად უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება ყველასათვის.

“სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ყველას ჯანმრთელობის უფლებას და არ შეზღუდოს კონკრეტული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებისათვის”.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული აქვს ნება – ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სერვისები, მათ შორის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის საფუძველზე.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენას, რაც თავისთავად ეხმიანება სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს”.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სხვა ჯანდაცვის პროგრამებთან შედარებით C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა გაცილებით ძვირადღირებულია და მეტი უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო ორგანოს მიერ, რაც, მისი თქმით, ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამ დოკუმენტის გაცემასა და თვით დოკუმენტის მფლობელზე.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს, შეისწავლოს ეს საკითხი და უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის №169 დადგენილებში – „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი