“ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა, კარლო კოპალიანმა განაცხადა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი, რადგან ტელეკომპანია “კავკასიაში” “ცუდი გადაცემის” გასაპროტესტებლად შესული ადამიანები დაიჭირეს.
აღნიშნული განცხადება კარლო კოპალიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროეტის განხილვისას, 2 თებერვალს, განაცხადა.
“ეს ორგანიზაციები 500 და 1000 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას აგინონ და რაც შეიძლება მეტი ბოღმა ანთხიონ ჩვენს საზოგადეობაში. მე მიაჩნია, ბატონო სოსო [ჯაჭვლიანი], რომ ამ ჯარიმებს, რაც აქ წერია, თითო ნული უნდა მიემატოს. ჩვენ, კანონმდებლებს, გარკვეული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენი მომავალი თაობის მიმართ. გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს. დასჯადი არ იყო აქამდე, ყოველ შემთხვევაში, არავინ დასჯილა. პირიქით, მახსოვს, ტელეკომპანია “კავკასიაში” როდესაც ცუდი გადაცემა გადიოდა, იქ შევიდნენ ადამიანები, რომელთაც აზრის გამოხატვა უნდოდათ. დაიჭირეს და გაასამართლეს ჩვენი ბიჭები. მე მიმაჩნია, გამკაცრდეს როგორც სისხლის სამართლის ნაწილში, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილში”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.