საქართველოს საჯარო რეესტრის ცნობით, 2 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს 20 ქალაქში დამისამართების პროცესი დასრულებულია.
რეესტრის ცნობით, აღწერილია ქუჩები და მათი დასახელებები, გზების პარამეტრები და საგზაო ნიშნები, დანომრილია ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, იდენტიფიცირებულია მესაკუთრეები, დადგენილია უძრავი ნივთების ტიპები.
უფრო კონკრეტულად, დასრულებულია იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისა და აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) აღწერა-ინვენტარიზაციაც.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წელს ყველა დასახლებული პუნქტისთვის ქუჩების გეოგრაფიული მდებარეობის და ნუმერაციის პროექტები მომზადდება, რომლებიც, რეესტრის დაპირებით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა.
ხოლო 2016 წელს, შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, გეგმავს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის გეოგრაფიული ობიექტების აღწერა–ინვენტარიზაციას და სამისამართო პროექტების მომზადებას.
რაც შეეხება თბილისს, რეესტრის მონაცემებით, ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის და ისნის რაიონებში გასწორებულია მისამართები, რომლებსაც არ ჰქონდა ნუმერაცია და მისამართად მითითებული იყო რაიმე გეოგრაფიული ობიექტი. შესაბამისი სამუშაოები კი ამჟამად მთაწმინდისა და სამგორის რაიონებში მიმდინარეობს.
რეესტრის ცნობით, გრძელდება ე.წ იტალიური ეზოების ნუმერაცია. დიდუბეში, ჩუღურეთსა და ისანში სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროცესი გრძელდება მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. თბილისში არსებული ობიექტებისთვის მისამართების კორექტირებისა და მინიჭების პროცესის დამთავრებას რეესტრი მიმდინარე წელს გეგმავს.
პროექტი ქვეყანაში სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას უწყობს ხელს, განმარტავს საჯარო რეესტრი და აღნიშნავს, რომ სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.
დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს, განმარტავს რეესტრი.
უწყების ცნობით, ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.
დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან. პროექტს საჯარო რეესტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.