ახალი ამბები

გაურკვევლობა პირველ მარტამდე

25 თებერვალი, 2011 • 1755
გაურკვევლობა პირველ მარტამდე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, სამარშრუტო ტაქსების ტენდერის გაუქმების საკითხზე მსჯელობა სამშაბათამდე გადადეს. შესაბამისად, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, გაძვირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური თბილისში.

დღეს დილით თბილისში სახლიდან გამოსულ მოქალაქეებს სამარშრუტო ტაქსების ლოდინი უშედეგოდ მოუწიათ. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ თბილისში არც ერთი სამარშრუტო ტაქსი აღარ დადიოდა. 

„ნახევარი საათია 132 ნომერს ველოდები. გავიყინე“, –გვითხრა მოქალაქემ, რომელმაც ჩვენგან შეიტყო სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვის შესახებ.

სამარშრუტო ტაქსების მომსახურების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს უახლოეს მეტროსადგურამდე მისასვლელად ავტობუსების გაჩერებებზე ლოდინი დიდხანს მოუწიათ,  რადგან ყვითელ ავტობუსებში ფეხზე დასადგომი ადგილებიც არასაკმარისი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, პრობლემას ავტობუსების მოძრაობის განრიგიც ქმნიდა. ხალხით გადავსებული ყვითელი ავტობუსები საწყისი გაჩერებიდან გასვლის დრომდე არ გადიოდა.

„რა ვქნა, კიდევ შვიდი წუთი უნდა ვიდგე. დროზე ადრე თუ გავედი, დამაჯარიმებენ“, –თავს იმართლლებდა ავტობუსის მძღოლი მგზავრების უკმაყოფილო რეაქციებზე.

62 ნომერი სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე შეკრებილი მძღოლები კი ამბობდნენ, რომ მათი გაფიცვა გუშინ საღამოს დაიგეგმა და ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ტელეეთერშიც ითქვა.

„პირველი მარტიდან დღეში 20–დან 40 ლარამდე უნდა გადაიხადოთ ხაზის საფასურიო, –ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა ყველას იმ შპს–ებიდან, სადაც დარეგისტრირებულები ვართ ამჟამად. საიდან გადავიხადო? ესენი ვერ არიან, დღეში სულ არ მრჩება მაგდენი“, –გვითხრა 62 ნომერი სამარშრუტო ტაქსის ერთ–ერთმა მძღოლმა.

ტრასპორტის პროფკავშირის თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას თქმით, თუ მძღოლებს ამ ოდენობის თანხა რეალურად დააკისრეს, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური გაიზრდება.

„აუცილებლად მოიმატებს საფასური, თუ კომპანიები მართლა დააკისრებენ მძღოლებს გადასახადს, თუმცა ჯერ ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, –ამბობს ალანია.

დაახლოებით 400–500 მძღოლი და სამარშრუტო ტაქსების ხაზების მფლობელები დღეს 11 საათიდან „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე იმ ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვით, თბილისში ყველა სამარშრუტო ტაქსი ოთხ კომპანიას უნდა დაექვემდებაროს.

შპსთბილ ლაინი,  შპსკაპიტალ გრუპი, შპსთბილ ქარი, შპსფაბლიქ ქარი – ეს იმ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებია, რომელიც თბილისის მერიამ M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, ამ კომპანიებს თბილისში ეტაპობრივად, 2011 წლის შემოდგომამდე ახალი და კომფორტული სამარშრუტო ტაქსების შემოყვანა ევალება. დღეს არსებული სამარშრუტო ტაქსებისა და ხაზების მფლობელები კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.

აკაკი ჯოხაძემ, თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, სამი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი სამარშრუტო ტაქსების მეპატრონეებს შეუძლიათ გაყიდონ ისინი, ან ავტოფარეხში იქონიონ.

ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის მიზეზად თბილისის მერიამ დედაქალაქში არსებული ტექნიკურად გაუმართავი და არაკომფორტული სამარშრუტო ტაქსები დაასახელა.

„ბევრი ჩვენგანი ისევ იმ კრედიტს იხდის, რომელიც “მარშრუტკის” საყიდლად გამოვიტანეთ. ამ ბიზნესის უკან უამრავი ოჯახი დგას. “მარშრუტკის” მეპატრონეები, ხაზის მეპატრონეები და ათასობით მძღოლი. რას გვიპირებენ?! ესაა მცირე ბიზნესის ხელშეწყობა?!“, –ამბობს აქციაზე მისული ერთ–ერთი სამარშრუტო ტაქსის მფლობელი, იამზე თარბაია.

რაც შეეხება მძღოლების დასაქმებას, გამარჯვებული კომპანიები და თბილისის მერია პირობას დებენ, რომ არც ერთი მძღოლი არ დარჩება სამსახურის გარეშე.

მძღოლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების შესახებ პირობა დღეს თბილისის მერიაში ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„სხვა თუ არაფერი, სხვა სამი ათასი მძღოლის პოვნა გაგვიჭირდება. პირიქით, მძღოლების რიცხვი გაიზრდება. რაც შეეხება მძღოლების სამუშაო პირობებს, ხელფასებს და ა.შ.  ამის განხილვა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, გეგმას კვირის ბოლოს წარმოვადგენთ. ამჟამად კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენ მათ დავაზღვევთ“, –ამბობდა „თბილისი ლაინის“ წარმომადგენელი დავით ასანიძე პირველ თებერვალს ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს.   

მას შემდეგ სამ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა მძღოლების სამუშაო პირობების, მათ შორის მათი ხელფასების შესახებ გამარჯვებულ კომპანიებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

„ბოლო შეხვედრა ამ კვირას გვქონდა, თუმცა გაწერილი პირობები კომპანიებს მზად ჯერ არ აქვთ. შესაბამისად, თბილისის მერიასთან ხელშეკრულებაც ჯერ არ არის გაფორმებული“, –ამბობს დღევანდელ აქციაზე მისული ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია.

 „დღესდღეობით, ყოველთვიურად თითოეულ სამარშუტო ტაქსზე ქალაქის მერიას 50 ლარის ოდენობით მოსაკრებელს ვუხდით. გარდა ამისა, ყოველდღიურად დისპეტჩერს 4  ლარს და 50 თეთრს ვუხდით. დღეში ყველაზე ბევრი 20–30 ლარი დაგვრჩეს, ესეც თუ ამათ მივეცით, რაღად გვინდა ასეთი მუშაობა?“ –ამბობს აქციაზე მისული 70 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

აქციაზე მისული მძღოლები ვარაუდობენ, რომ გამარჯვებული კომპანიები პირველი მარტიდან მძღოლებისგან მიღებული მოსაკრებლით ახალი სამარშუტო ტაქსების შემოყვანას გეგმავენ.

ახალ სამარშრუტო ტაქსებს, როგორც გამარჯვებული კომპანიების წარმომადგნელები ამბობენ, თურქეთიდან შემოიყვანენ, ყველა მათგანი ყვითელი ფერის, „ფორდის“ ფირმის და კონდიცირებით აღჭურვილი იქნება.

საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის თინა ხიდაშელის თქმით, „სამარშრუტო ხაზების მონოპოლირებას თბილისის მერი გიგი უგულავა წარმართავს“.

„გია გაგოშიძე, ორ ყველაზე დიდ ლოტზე (ვაკე-საბურთალო და გლდანი-ნაძალადევი) გამარჯვებული კომპანია ”თბილ-ლაინის” დირექტორი და კომპანია ”ჯი-ემ-სი”-ს საწყობის დირექტორი, პარალელურად თბილისის მერიის  მიერ დაფუძნებული მუნიციპალური საწარმოს ”სპორტული ეზოს” დირექტორია.  საწარმო 2010 წლის მარტში უგულავას ბრძანებით შეიქმნა. ხოლო ხვიჩა სექანია – ისანი-სამგორის ლოტის გამარჯვებული და კომპანია ”ფაბლიქ ქარ”-ის დირექტორი, იმავდროულად ყოფილი მუნიციპალური კომპანია ”მუშტაიდის” და კომპანია ” თბილისი პარკინგის” დირექტორია” – ამბობს თინა ხიდაშელი.

აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ ვინ დგას ამ გამარჯვებული კომპანიების უკან და უარყოფს ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს:

„მე არ ვფლობ ინფორმაციას, თუ ვინ დგას ამ კომპანიების უკან. მე ის ვიცი, რომ ტენდერი სამართლიანად ჩატარდა და ამ ოთხმა კომპანიამ ყველაზე ბრწყინვალედ წარმოადგინა სატენდერო მოთხოვნები”.

„მოვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული ტენდერის შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები უფრო ფართომასშტაბიანი იქნება“, –განაცხადა ერთ–ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა დავით გონგოლაძემ დღეს გამართულ აქციაზე.

დღევანდელ აქციაზე განცხადება ოპოზიციური პარტიის წარმომადგნელმა, კახა კუკავამაც გააკეთა. ის აქციის მონაწილეებს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული ტენდერის გაუქმების საკითხს დაპირდა.

„ჩატარდეს სამარშრუტო ტაქსების ტექნიკური დათვალიერება. თუ რომელიმე არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და გაუმართავია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს მათი ჩანაცვლება სხვა მანქანით. გარდა ამისა, გვინდა, სისხლის სამართლის გამოძიება ჩატარდეს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით და ამ კომპანიების კონკურსში გამარჯვების დეტალები გაირკვეს. დღეს ამ საკითხსაც დავაყენებთ“, –აღნიშნა კახა კუკავამ.

თუმცა საკრებულოს დღევანდელი სხდომა ამ კუთხით უშედეგოდ დასრულდა.

„ყველაფერი ისე დარჩა, როგორც არის.  ერთადერთი, რაზეც შევთანხმით, იყო ის, რომ საკრებულოს სამეურნეო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელიც სამშაბათს ჩატარდება,  დეტალურად მოვისმენთ ამ საკითხების ირგვლივ ინფორმაციას“, –აღნიშნა საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ „რესპუბლიკელმა“ თინათინ ხიდაშელმა.

ტენდერის გაუქმების მოთხოვნით დღევე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კი ყოველდღიური აქციების შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათ მოთხოვნას ტენდერის გაუქმების შესახებ ქალაქის მერია არ დააკმაყოფილებს. ორშაბათს აქციის მონაწილეებმა ფართომასშტაბიანი აქცია დაგეგმეს.

ამ დღეებში თბილისში სამარშრუტო ტაქსების დანაკლისს თბილისის მერია ავტობუსების დამატებით აპირებს.

 „ამ დროისთვის უკვე 50 ავტობუსია დამატებული. ყველა ეს ავტობუსი არსებულ ხაზებზე დაემატა“, – ამბობს მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი