ახალი ამბები

საირმე „ნაციონალი“ პარლამენტარის საკუთრებაში

25 თებერვალი, 2011 • 4405
საირმე  „ნაციონალი“ პარლამენტარის საკუთრებაში

თემურ კოხოძე
თემურ კოხოძე

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი საირმე ამავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტორი დეპუტატის თემურ კოხოძის საკუთრება გახდა. კოხოძე საქართველოს პარლამენტის წევრი ისე გახდა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატი.

შპს „კურორტ საირმის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%–ანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 60 ათას ლარად მიყიდა შპს „საირმის განვითარების კომპანიას“.

„საირმის განვითარების კომპანიის“ 100%–ანი წილის მესაკუთრე პარლამენტარი თემურ კოხოძეა, რომელიც იმავდროულად არის კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და ყველა მისი შვილობილი ფირმის მფლობელი და დამფუძნებელი. „საირმის განვითარების კომპანიის“ დირექტორი რაჟდენ ზვიადაძეა, რომელიც „თეგეტა მოტორსი ქუთაისი“–ს დირექტორიც გახლავთ.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ „საირმის განვითარების კომპანია“ შპს „ბაღდათსერვისის“ სამართალმემკვიდრეა, რომელიც 2009 წლის 30 მარტს დაფუძნდა. „ბაღდათსერვისის“ პერერეგისტრაცია „საირმის განვითარების კომპანიად“ გასული წლის ბოლოს განხორციელდა.

მანამდე კი, 2010 წლის სექტემბერში, საირმეში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას კურორტის რეაბილიტაციის პირობა მისცა.

„მე აქ ვიყავი 6 წლის ასაკაში, მის შემდეგ არ ვყოფილვარ და იმის მერე, მგონი, არც გამოცვლილა არაფერი. საბოლოო ჯამში, სამი წელი დაჭირდება ამის რეაბილიტაციას მთლიანად, მაგრამ უკვე მომავალ წელს პირველი რაღაცა გაჩნდება, გაკეთდება რეზერვუარი, გზა, წყალი, კანალიზაცია და აბანო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საირმეში გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში დაიგეგმა, საერთო ღირებულებით 5.5 მილიონი ლარი.

„მომავალი ზაფხულისთვის წყალზე არ გვქონდეს პრობლემა, გზა ბოლომდე კარგი იყოს, სასმელი წყალი კარგი იყოს, კანალიზაცია გაკეთდეს – ეს არის ის ძირითადი რაღაცეები, რაზეც დგას ეს კურორტი. ამის პარალელური ეტაპია, რომ დაიწყოს მასობრივი რესტავრაცია, რათა სანატორიუმები მოვიყვანოთ მწყობრში“, – ეს დავალებები ქვეყნის პირველმა პირმა გასული წლის 12 სექტემბერს გასცა.

გუშინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კურორტ საირმის გასხვისების თაობაზე. სამინისტროს ინფორმაციით, კურორტის ახალი მფლობელი – „საირმის  განვითარების  კომპანია“ ვალდებულია  კურორტის  აღორძინების  მიზნით  10  მილიონი  ლარის  ინვესტიცია  განახორციელოს. ინვესტორმა კურორტის რეაბილიტაცია ეტაპობრივად სამი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს.

საპრივატიზაციო პირობებით განისაზღვრა, რომ 2011 წლის ბოლომდე კომპანიამ უნდა დაასრულოს საირმეში მდებარე  შენობა-ნაგებობების  და მასზე  დამაგრებული 1259  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარემონტო/სარეკონსტრუქციო აღდგენითი  სამუშაოები; განახორციელოს ავტომატური  მეტეოროლოგიური  სადგურისა  და  მის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  სადამკვირებლო  კოტეჯის   შეძენა,  მონტაჟი  და  ექსპლოატაციაში  შეყვანა.

2012 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს კომპანიამ საირმეში  მდებარე #1  შენობა-ნაგებობის და მასზე  დამაგრებული 370 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნაკვეთის სარემონტო/სარეკონსტრუქციო აღდგენითი  სამუშაოები და შპს „კურორტ  საირმის“  კაპიტალში  არსებული  ქონების  ტერიტორიაზე  დამსვენებლებისათვის საირმის  მინერალური  წყლით  დამოუკიდებელი  და  შეუფერხებელი სარგებლობის  უზრუნველსაყოფად  საერთაშორისო  სტანდარტების  შესაბამისი  ინფრასტრუქტურის  მოწყობა.

2013  წლის  1  დეკემბრამდე ინვესტორმა თანამედროვე  სტანდარტების  სპა  ცენტრის  მშენებლობა უნდა დაასრულოს კურორტ  საირმეში  მდებარე  11135 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთზე.

ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების  სამინისტროში აცხადებენ, რომ ნასყიდობის  ხელშეკრულებაში კომპანიას სამინისტრომ შესაძლოა  დამატებითი  საპრივატიზაციო  პირობები განუსაზღვროს.

ამ დროისთვის კურორტი საირმე თითქმის სრულად ამორტიზებულია, ერთ–ერთი ობიექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გარემონტდა, სანატორიუმი „საირმე“ გახლდათ, რომლის 50%–ან წილს ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი ბონდო შალიკიანი ფლობდა. აღნიშნული წილი შალიკიანმა სახელმწიფოს სასარგებლოდ 2004 წლის გაზაფხულზე დათმო, როდესაც ის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ პირველად დააკავა.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „კურორტი საირმე“ ამჯერად სხვა პარლამენტარმა და ასევე ბიზმესმენმა თემურ კოხოძემ შეიძინა. ცნობისათვის, კოხოძე და მისი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდების სოლიდური შემწირველია ბოლო ორი წლის განმავლობაში. მხოლოდ შარშან „თეგეტა მოტორსმა“ და მისმა შვილობილმა ფირმებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდში ნახევარი მილიონი ლარი შეწირეს. თემურ კოხოძე საქართველოს პარლამენტის წევრად 2008 წელს იქნა არჩეული.d

მასალების გადაბეჭდვის წესი