ახალი ამბები

ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხი თვის ბოლოს გადაწყდება

23 თებერვალი, 2011 • • 1087
ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხი თვის ბოლოს გადაწყდება
სომალელი მეკობრეები დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებს ათი დღის მანძილზე გაათავისუფლებენ, ამბობს ერთ–ერთი მეზღვაურის მამა სერგო დევაძე, რომელიც დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს, სხვა მეზღვაურების მშობლებთან ერთად შეხვდა.
დევაძე ამბობს, რომ ვარშალომიძეს თითქმის ყოველდღე ხვდებიან და საქმის ვითარებას ეცნობიან.
“ყველაფერი რიგზეაო, გვითხრა, თვის ბოლომდე, ათ დღეში, ყველაფერი უნდა დამთავრდეს”, – ამბობს დევაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ეთერ მათურელი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დატყვევებული ქართველი მეზღვაურები მალე გათავისუფლებიან.
15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში გასული წლის 8 სექტემბრიდან იმყოფება. მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი MV OLIB G, რომელზეც 15 ქართველი მეზღვაური იყო დასაქმებული, სომალელმა მეკობრეებმა ადენის ყურის სანაპიროსთან დააკავეს. გემი, რომელიც ჯართად უნდა ჩაებარებინათ, ალექსანდრიიდან ინდოეთის მიმართულებით ახორციელებდა მარშრუტს.
კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში გასული წლის 11 ნოემბრიდან მოექცა, როდესაც მეკობრეები პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს “ჰანიბალ 2″–ს დაესხნენ თავს.

ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად სომალელმა მეკობრეებმა თავდაპირველად 15 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვეს გამოსასყიდის სახით, მოგვიანებით კი 1 მილიონ დოლარამდე დაწიეს გამოსასყიდის თანხა.

აპირებს თუ არა აჭარის მთავრობა თანხის გადახდას და კონკრეტულად, რა თანხაზეა საუბარი, არ არის ცნობილი.

თანხაზე არ საუბრობს სერგო დევაძეც: “თანხაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს კონფიდენციალურია, მეკობრეები – საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის, ისინი თანხის გარეშე არავის გამოუშვებენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი