ახალი ამბები

თბილისის მერია ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

30 იანვარი, 2016 • 1979
თბილისის მერია ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და მისი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მკურნალობის კურსის ჩატარებაა.

ქვეპროგრამა (HER2-დადებითი) ძუძუს ადრეული კიბოს (I-III სტადია) მქონე პირებს პრეპარატ ჰერცეპტინის ხარჯებს დაუფინანსებს.

თბილისის მერია, ქვეპროგრამის ფარგლებში, პაციენტებს პრეპარატის მაქსიმუმ 1-წლიანი კურსისთვის საჭირო თანხას აუნაზღაურებს. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს-  80%-ით.

მერიის განცხადებით, ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზი (I-III სტადია) აქვთ და უნდა ჩაუტარდეთ ნეოადიუვანტურ/ადიუვანტური მკურნალობა.

ქვეპროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარის ერთწლიანი კურსი (13 ფლაკონი ჰერცეპტინი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში 35 100 ლარით დაფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – 28 080 ლარით.

2006 წლიდან აშშ-ის და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციები HER2-დადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში რეკომენდაციას აძლევენ ჰერცეპტინით მკურნალობას, რომელიც 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს. პრეპარატი ჰერცეპტინი (საერთაშორისო დასახელება – ტრასტუზუმაბი) 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ესენციური (აუცილებელი) მედიკამენტების ნუსხაში შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ჰერცეპტინით დაფინანსების თვალსაზრისით სახელმწიფოს, კონკრეტულ შემთხვევაში კი თბილისის მერიის მიერ მიზნობრივი პროგრამის განხორციელება უპრეცედენტო შემთხვევაა.

ქვეპროგრამა თბილისის საკრებულოს მიერ წესის დამტკიცების შემდგომ ამოქმედდება და მოსარგებლეები მერიაში მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ჰერცეპტინის დაფინანსების საგარანტიო წერილს მიიღებენ. ქვეპროგრამაში წარსადგენად მოსარგებლე პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ტარგეტული თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან გაცემული მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ფორმა №IV-100/ა), რომლებიც გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე. ამასთან, ტარგეტული თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №IV-100/ა-ში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა, ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა.

ე) HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში, ასევე, in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის (ფორმა N3) ასლი;

ზ)ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 კვირით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ჰერცეპტინით ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;

თ) კალკულაცია, მიმწოდებელი ორგანიზაციიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი