მოძრაობა ”არა” ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მჯდომარე აქციას მართავს. მოძრაობამ ამერიკის ელჩს ჯონ ბასს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში წერილობით თანადგომა სთხოვა.
”აშშ-ს დამოკიდებულება კონკრეტული პრობლემისადმი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ამიტომაც მოვედით აქ. გვინდა, ამერიკის საელჩო საქმის კურსში ჩავაყენოთ, თუ რამდენად მძიმეა ვითარება პენიტენციურ სისტემაში,”-განაცხადა ”არა”-ს ლიდერმა ლევან ჩიტიძემ.
მოძრაობა ”არა”-ს თქმით, მათი მიზანია, 54 პოლიტიკური და 350 უკანონო პატიმარი გაათავისუფლონ.
”human rights watch-თან ერთად გამოძიება ჩავატარეთ, მათ საქმეებთან დაკავშირებით ბევრი დარღვევა და გაურკვეველი დეტალია. 54 პოლიტიკური პატიმარი გვყავს საქართველოში: ვახტანგ მაისაია, მამუკა შენგელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ა.შ. გარდა ამისა, გვყავს 350 უკანონო პატიმარი. გვანცა ყუფარაძის საქმე შემიძლია გავიხსენო – 4 წლის წინ 14 წლის გოგონა დააპატიმრეს და ბრალი დასდეს, ვითომდა თანაკლასელს დანით ჭრილობები მიაყენა. ჩვენმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ამ დანაშაულში მაღალჩინოსანთა შვილები იყვნენ გარეული,” – ამტკიცებს ჩიტიძე.
ლევან ჩიტიძე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, სოლიდარობა გამოუცხადონ მათ აქციებს და დაამტკიცონ, რომ პოლიტიკური პატიმრები არ დავიწყებიათ.
”ხვალ ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს ჩვენს მიმართვას. თუ ისინი პოლიტპატიმრების პრობლემის მიმართ ყურადღებას არ გამოიჩენენ, ხელისუფლებასთან კავშირს დაადასტურებენ”, – აცხადებს მოძრაობა ”არა”-ს ლიდერი.
მოძრაობა ”არა”-ს აქცია 23 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გადაინაცვლებს.