ახალი ამბები

რეგიონული მაუწყებლები VS საკაბელო ტელევიზიები

18 თებერვალი, 2011 • 2222
რეგიონული მაუწყებლები VS  საკაბელო ტელევიზიები

საქართველოს რეგიონული ტელევიზიები საკაბელო კომპანიებს მათი მაუწყებლობის დაბლოკვაში ადანაშაულებენ, საკაბელო ტელევიზიები კი ამის პასუხად ტექნიკურ მიზეზებზე საუბრობენ.

შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობა უკვე თითქმის ერთი კვირაა შეჩერებული აქვს ადგილობრივ საკაბელო კომპანია ”კოსმოსს”. ტელეკომპანიის დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი ამ ფაქტს ხელისუფლებისადმი ”თრიალეთის” კრიტიკული დამოკიდებულებით ხსნის. „კოსმოსში“ კი ყველაფერს ტექნიკური პრობლემებით ხსნიან.

”ჩვენი არხი ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებებს, გვაქვს თოქ–შოუ ”ცხელი ხაზი”, რომელშიც მრავალ საჭირბოროტო საკითხს განვიხილავთ. ამ ყველაფერმა კი ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. მიზეზი მართლა ტექნიკური ხარვეზი რომ იყოს, ეთერიდან არა რეიტინგულ არხს, არამედ რომელიმე რუსულ მაუწყებლობას ამოიღებდნენ”, – აცხადებს ნანეტაშვილი.

”ნანეტაშვილის ბრალდება აბსურდულია, პრობლემა წმინდა ტექნიკური ხასიათისაა. მიმდინარეობს სამუშაოები, ძველ ტექნიკას ახლით ვანაცვლებთ. ”თრიალეთის” მაუწყებლობა აღდგება, მაგრამ როდის, ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია”, – ამბობს „კოსმოსის“ დირექტორი კახაბერ ბედიანიძე.

საკაბელო კომპანიების მიერ ადგილობრივი ტელევიზიების მაუწყებლობის დაბლოკვის თაობაზე საუბრობენ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაშიც“. ასოციაციამ გასული წლის ნოემბერში რეგიონულ ტელევიზიებში არსებული პრობლემების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა.

“დეკემბრის ბოლოს ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა: მთავარი პრობლემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი საკაბელო ქსელის მფლობელთა მხრიდან ადგილობრივი საეთერო მაუწყებლობის დაბლოკვაა“, – აცხადებს „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“  აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი.  

საკაბელო ქსელები ყველა ადგილობრივ არხს არ ზღუდავს. პერიოდულად პრობლემები მხოლოდ ცალკეული არხების მიმართ იჩენს ხოლმე თავს.

ბათუმის “25-ე არხის“ მაუწყებლობა თორმეტმა საკაბელო კომპანიამ ერთდროულად დაახშო 2006 წლის 28 ივნისს. არხის დირექტორი მერაბ მერკვილაძე ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ და ფინანსურ ფაქტორებზე საუბრობს:

“შეგვექმნა პრობლემა შენობაზე, შეგვიჩერეს მაუწყებლობა. ეს კარგად დაგეგმილი ღონისძიება იყო ტელეარხის წინააღმდეგ. ჩვენი მაუწყებლობა ხელისუფლებას აღიზიანებდა, რადგან განსაკუთრებულად კრიტიკულები ვიყავით. 9 თვე დაგვჭირდა მაუწყებლობის გასაახლებლად. განსაკუთრებულ პრობლემას საკაბელო ქსელი “ერა“ გვიქმნიდა, რომელსაც საკუთარი პროდუქტით სურდა ჩვენი ჩანაცვლება და მაუწყებლობის განახლებას მას შემდეგაც არ აპირებდა, რაც დანარჩენმა საკაბელო კომპანიებმა ჩვენი ტრანსლაცია განაახლეს“.

“ერას“ დირექტორი გია მეტრეველი აცხადებს, რომ “25–ე არხთან“ თანამშრომლობის გაწყვეტა მხოლოდ ბიზნეს–უთანხმოების გამო მოხდა: “იმ პერიოდში გარკვეული რეფორმები მიდიოდა, ვიძენდით ახალ ტექნიკას, ვაუმჯობესებდით მაუწყებლობის ხარისხს, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვდა. “ტელეარხ 25“-თან სასურველ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“.

დღეს “ტელეარხ 25“-სა და საკაბელო ქსელ “ერას“ შორის ურთიერთობა დარეგულირებულია.

“ხშირად გვიწევს საკაბელო ქსელებთან დაკავშირება და შეხსენება, რომ ჩვენი სიხშირე ჩართონ“, – ამბობს ფოთის სამაუწყებლო კომპანია “მე–9 ტალღის” დირექტორი გია სალია.

მწვავე დაპირისპირებაა საკაბელო ქსელ “გორდასა“ და თელავის ტელეკომპანია “თანამგზავრს“ შორისაც: 

“ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ,,გორდამ“ მაუწყებლობა ჩაგვირთოს. ისინი ითხოვენ, შევწყვიტოთ საინფორმაციო გამოშვება და თოქ–შოუ “დიალოგი“. მსგავსი ულტამატუმი კი ჩვენთვის მიუღებელია“, – აცხადებს თელავის ტელეკომპანია “თანამგზავრის“  დირექტორი ენრი კობახიძე.

“მსგავსი რამ არ მომითხოვია. ჩვენ შორის კონფლიქტი არსებობს და თუ კობახიძეს კიდევ რამე აქვს გასარკვევი, შეუძლია ეს თავად გააკეთოს“, – ამბობს “გორდას“ ხელმძღვანელი ნიკა მამუკელაშვილი.  

ტრანსლაციის პრობლემა ”გორდასთან” ტელეკომპანიებს – ”მაესტროსა” და ”კავკასიასაც” აქვთ. 2010 წლის 29 სექტემბერს საკაბელო ქსელმა ისინი მაუწყებლობიდან ამოიღო ტექნიკური ხარვეზის მიზეზით და დღემდე არ აღუდგენია მათი სიხშირე.

”ველოდებით, რომ სატელიტზე გასვლის შემდეგ აღდგება ჩვენი მაუწყებლობა”, – იმედოვნებს ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე.

“ზოგიერთ საკაბელო ქსელს აქვს ბე ტიპის ლიცენზია (რაც გულისხმობს შესაძლებლობას, საკუთარი მაუწყებლობით წარსდგნენ ეთერში), შესაბამიასდ, ისინი მოტივირებულნი არიან გაყიდონ რეკლამა და, შესაბამისად, არ სურთ ქსელში ჩართონ კონკურენტი“, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

საქართველოს კანონმდებლობაში მსგავსი პრობლემის დასარეგულირებელი შესაბამისი ნორმა არ არსებობს. სწორედ ამიტომ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ გამოვიდა ინიციატივით,  მაუწყებლობის შესახებ არსებულ კანონპროექტში ჩართონ საკანონმდებლო აქტი – Must-carry.

“ეს გულისხმობს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას – საკაბელო კომპანიების მიმართ მოცემულ ტერიტორიაზე ლიცენზირებული ყველა არხი ჩართონ თავიანთ ქსელში. ამგვარად, ადგილობრივი მაუწყებლები თანაბარ პირობებში იქნებიან და საკაბელო ქსელებსაც არ ექნებათ უფლება, თვითნებურად ან გარეშე პირის მითითებით გადაწყვიტონ, რომელ ტელეარხს მისცენ ტრანსლაციის საშუალება და რომელს – არა“, – აცხადებს „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.

საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც ლაშა ტუღუშის ჯგუფის მიერ მომზადდა მაუწყებლობლობის შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად, Must-carry-ის პრინციპიცაა ჩართული.

ნათია კუპრაშვილი
ნათია კუპრაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი