მოძრაობა ”არა”–მ საქართველოს მთავრობის წევრების სახლების ფოტოების გამოფენა მოაწყო. ფოტოგადაღება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოძრაობას ფოტოგრაფი არ დაუქირავებია და გადაღების პროცესს პირადად ”არა”–ს წევრები აწარმოებდნენ.
”ფოტოების უმეტესი ნაწილი ჩემი გადაღებულია. სახლების დაცვასთან ხშირად პრობლემა გვქონდა, რადგან არ ესმოდათ, რომ გადაღება ნებადართულია და რისი აღბეჭდვაც გვსურდა, საჯარო ინფორმაციაა”, – განაცხადა ”არა”–ს ლიდერმა ლევან ჩიტიძემ.
დღევანდელ გამოფენაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, გამოსახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილისა და მისი ძმის – დავით ბეჟუაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების სახლები.
მოძრაობა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მაღალჩინოსანთა ბინების გადაღებას, ხოლო ფოტოგამოფენები ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.