ახალი ამბები

ვინ აკონტროლებს რეკლამას მეტროში

17 თებერვალი, 2011 • 2937
ვინ აკონტროლებს რეკლამას მეტროში

„ყოველდღე, 19:00 საათზე, ქართული სერიალი „ჟამი ყვავილობისა“ „რუსთავი 2“–ზე“, – სარეკლამო ბანერები ასეთი წარწერით  თბილისის მეტროსადგურების დახრილი გვირაბების კედლებზე 2009 წლიდანაა გაკრული იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანიამ ამ სერიალის ჩვენება 2009 წელსვე დაასრულა. დაზიანებული, ნახევრად დახეული ბანერების ქვეშ „რუსთავი 2“–ის სხვა, კოლუმბიური ტელესერიალის – „გზა დიდებისკენ“ სარეკლამო ბანერები ჩანს, რომლებიც, ასევე, მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ არ გამოტოვონ სერიალი „რუსთავი 2“–ზე.

 

თბილისის მეტროსადგურების დახრილ გვირაბში ერთი ბანერის ერთი თვით განთავსების ღირებულება 47.20 აშშ დოლარს შეადგენს. მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ დახრილ გვირაბში უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც „რუსთავი 2“–ის ტელესერიალის („ჟამი ყვავილობისა“) 24 სარეკლამო ბანერია განთავსებული. დადგენილი ტარიფის შესაბამისად, „რუსთავი 2“–ს ამ ბანერების განთავსებისთვის წელიწადში 13 593.6 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, ორ წელიწადში კი – 27 187.2 აშშ დოლარი.

 

შპს „თბილისის მეტროს“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მეტროში რეკლამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე, კომპანია  „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგია“ პასუხისმგებელი.

 

შპს „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგის“ ოფისი თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზ. #45–ში მდებარე შენობის მე–6 სართულზეა განთავსებული, ამავე შენობაშია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ (ტელევიზიის ნაწილი ერთი წლის წინ იქნა სხვა მისამართზე გადატანილი).

 

„ნეტგაზეთის“ შეკითხვაზე, იხდის თუ არა „რუსთავი 2“ მეტროს დახრილ გვირაბებში განთავსებული სარეკლამო ბანერების ფულს, შპს „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგის“ დირექტორმა, ალექსი იუკურიძემ გვიპასუხა:

 

„ეს ბანერები უკვე დაზიანებულია, ამიტომ რეკლამა აღარ გამოდის. თან, რეკლამა დახრილ გვირაბში არ შეუკვეთავს სხვას და ამიტომ ესენი აღარ ჩამოგვიხსნია. ისე, უახლოეს პერიოდში აუცილებლად ჩამოვხსნით“.

რეკლამა მეტროს დახრილ გვირაბში
რეკლამა მეტროს დახრილ გვირაბში

თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, თბილისის მეტროს შესახებ არსებულ ინფორმაციაში, წერია, რომ „ტრანსპორტი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება, სარეკლამო ინფრასტრუქტურის განვითარების მტკიცე ბაზას წარმოადგენს. რეკლამის მეტროში განთავსებამ კი დამატებითი შემოსავლის წყარო განსაზღვრა, რაც ისევ მეტროპოლიტენის კეთილმოწყობას მოხმარდება.“ 

 

თბილისის მეტროში რეკლამის განთავსების გზით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია თბილისის მერიიდან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მერიის 100%–ანი წილით დაფუძნებული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა“ შპს „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგის“ 50%–ანი წილის მფლობელი. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ უნდა მივმართოთ. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ შპს „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგთან“ გადაგვამისამართეს. ინფორმაციას სარეკლამო შემოსავლების შესახებ არც ამ კომპანიაში იძლევიან.

 

„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა თბილისის მეტროში რეკლამის განთავსების ტარიფები. მეტროში სხვადასხვა ტიპის რეკლამის განთავსებაა შესაძლებელი, მათ შორის, მეტროსადგურის დახრილ გვირაბებში, ზედა და ქვედა ვესტიბიულებში, ბაქანზე, მეტროს ვაგონებში.  ერთთვიანი რეკლამის შემთხვევაში ფასები 290–1400 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. მსხვილი და გრძელვადიანი შემკვეთებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლებები.

 

მაღაზიათა ქსელმა „TELEFON“–ი მეტროში სამთვიანი რეკლამისთვის 1700 აშშ დოლარი გადაიხადა. ამ კომპანიის სარეკლამო ბანერები მეტროს მატარებლების ვაგონების ფანჯრებზეა გაკრული.

 

თბილისის მეტროში, ძირითადად, რამდენიმე მსხვილი კომპანიის რეკლამას შეხვდებით, მათ შორისაა, კომპანია „ჯეოსელი“ (რომლის ბანერებიც, ასევე, მეტწილად დაზიანებულია სიძველისგან), მარნეულის სასურსათო ქარხანა, სააფთიაქო კომპანიები „პსპ“და „ავერსი“, სურსათის ახლადგახსნილი ჯიხურების ქსელი „ნუგეში“ და სხვა. თუმცა აღნიშნული კომპანიები სარეკლამო ხელშეკრულებების პირობებზე საუბარს გაურბიან. მეტროში, ასევე, შესაძლებელია სამთავრობო პროგრამების (მაგალითად, „კომპიუტერი ყველასთვის“) და იმ პროექტების რეკლამების ნახვა, რომლებიც საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით ხორციელდებიან.

 

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში, მათ შორის მეტროში, რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება შპს „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგმა“ 2009 წლიდან მოიპოვა. მანამდე ამ უფლებით შპს „მაგი სტილი“ სარგებლობდა, შპს „თბილისის მეტროსთან“ 2006 წელს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა, როგორც ირკვევა, რეალურად ორივე კომპანია ერთი და იგივე ჯგუფის ხელშია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის გიორგი გეგეშიძის მიერ კონტროლდება.

 

შპს „მაგი სტილს“ „ნეტგაზეთის“ წარმომადგენელი კლიენტის სახელით დაუკავშირდა, რომელსაც მეტროში რეკლამის განთავსება სურდა. „მაგი სტილის“ წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მათი კომპანია უპრობლემოდ გაგვათავსებინებდა რეკლამას მეტროში. ამის შემდეგ ჩვენ მას „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგის“ თაობაზე ვკითხეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: „ეგ კომპანიაც ჩვენია“.

 

შპს „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგში“, რომელიც 2009 წლის 2 ოქტომბერს დაფუძნდა, 50%–ან წილს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ფლობს, 50%–ს კი – შპს „აუთდორ ტრანსპორტი“. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 100%–ანი წილის მფლობელი ქალაქ თბილისის მერიაა. შპს „აუთდორ ტრანსპორტი“ კი 100%–ანი წილით შპს „აუთდორ.ჯი“–მ დააფუძნა 2009 წლის 4 აგვისტოს.

 

თავის მხრივ, „აუთდორ.ჯი“ სამმა კომპანიამ დააფუძნა 2008 წლის 5 ივნისს: 70%–ან წილს ფლობს სს „ბლეკსტაილ მენეჯმენტ ინკ“, 10%–ანს – შპს „ჯეო ტეკი“ და 20%–ს – შპს „სამკუთხედი“. პირველი ორი კომპანიის დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება საქართველოს სამეწარმეო რეესტრში, რაც შეეხება შპს „სამკუთხედს“, ის 2006 წლის 21 მარტს 100%–ანი წილით გიორგი გეგეშიძემ დააფუძნა, რომელიც ამჟამად „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი და მისი წინამორბედის – ირაკლი ჩიქოვანის (ჩიქოვანი ამჟამად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე) ბიზნეს–პარტნიორია.

 

„იურიდიულად ესენი არიან აბსოლუტურად სხვადასხვა სუბიექტები, მაგრამ მათი მფლობელობა მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება აქ კორუფციულ გარიგებასთან გვქონდეს ადგილი,“ – ამბობს ‘საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია.

 

ირაკლი ჩიქოვანმა „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის პოსტი 2009 წლის 16 ივნისს დატოვა, როდესაც ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2008 წლის ანგარიშის თანახმად, მან „რუსთავი 2“–ის აქციების ის წილიც დათმო, რაც მან საკუთრებაში 2008 წლის ნოემბერში მიიღო.

 

ჩიქოვანმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ბოლოს 2010 წლის 16 ივლისს შეავსო. აღნიშნულ დეკლარაციაში მას მითითებული აქვს, რომ არის რამდენიმე კერძო კომპანიის პარტნიორი, საიდანაც იღებს შემოსავლებს. მათ შორისაა, შპს „მაგი სტილი“.

 

შპს „მაგი სტილი“ 1996 წლის 19 თებერვალს დაფუძნდა ირაკლი ჩიქოვანის (ფლობს წილის 33.33%–ს), გიორგი გეგეშიძისა (ფლობს წილის 33.33%–ს) და გიორგი კურცხალიას (ფლობს წილის 33.34%–ს) მიერ.

 

ჩიქოვანი დეკლარაციაში მიუთითებს, რომ შპს „მაგი სტილიდან“ მან 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღო 128 345.96 ლარის ოდენობის შემოსავალი, თუმცა უცნობია, აქედან რამდენი შეადგინა თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში, კერძოდ, მეტროში რეკლამის განთავსების გზით მიღებული მოგებიდან შემოსავალმა, რადგან შპს „მაგი სტილმა“ (სარეკლამო ბაზარზე საქმიანობის გარდა) ბოლო წლებში არაერთი უმსხვილესი სახელმიწფო დაკვეთა მიიღო (მათ შორის, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა და სხვა).

 

„მეტროში რეკლამების შეკვეთებს ჩვენც ვიღებთ, მაგრამ მერე „მაგი სტილს“ ვუგზავნით, მაგათ აქვთ რეკლამაზე ექსკლუზივი. კი, ამბობენ, „აუთდორ ტრანსპორტ ედვერთაისინგი“ და „მაგი სტილი“ სხვადასხვა კომპანია არისო, მაგრამ ასე არ არის, ერთია ეგ. სახელმწიფომ მათ გადასცა ექსკლუზივი. ერთი მონოპოლისტია ბაზარზე, რომელიც ფასებს ადგენს. რეკლამის შოვნისთვის ჩვენ საკომისიოს გვაძლევენ“, –გვითხრა სარეკლამო კომპანია „პრომოუტერის“ წარმომადგენელმა. „პრომოუტერის“ მსგავსად, მეტროში რეკლამის მოზიდვის კუთხით „მაგი სტილთან“ და „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგთან“, ზემოთ აღწერილი სქემის შესაბამისად, თანამშრომლობენ სხვა წვრილი სარეკლამო კომპანიებიც.

 

„მაგი სტილის“ მფლობელებსა და „აუთდორ ტრანსპორტ–ედვერთაისინგს“ შორის კავშირები სხვა არხებითაც დასტურდება. მაგალითად, „აუთდორ ტრანსპორტ ედვერთაისინგის“ დირექტორი ალექსი იუკურიძე ირაკლი ჩიქოვანის მეზობელია. სამეზობლო ხაზი კი საქართველოს მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების კვალზე გადის: მაგალითად, შპს „აუთდორ.ჯი“–სა და „სამკუთხედის“ (რომლებშიც მესაკუთრედ ირაკლი ჩიქოვანის პარტნიორი გიორგი გეგეშიძე გვევლინება) დირექტორი  დიმიტრი ჩიქოვანია, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის – სოფო ჩიქოვანის ძმაა და იმავდროულად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლის დის – რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეზობელია; ჩერგოლეიშვილის ბიზნესპარტნიორი კი – სოფო ჩიქოვანი – ირაკლი ჩიქოვანისა და ალექსი იუკურიძის მეზობლად ცხოვრობს.

 

„თავისთავად, აქ აშკარად ჩანს, რომ ადგილი აქვს კერძო ინტერესების ლობირებას ამ თანამდებობის პირების მხრიდან, შეუძლებელია ასე, მეზობელს ენდო და ყველა ფირმაში თანამდებობის პირების ასეთი ახლობლები იყვნენ ჩართულები,“ – ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ასეთ ურთიერთობებში ძალიან მაღალი საეჭვოობის ხარისხია“, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ეს დასაშვებია. არსებული კანონმდებლობით, თანამდებობის პირს ეკრძალება წილის ფლობა კომპანიაში, რომელზედაც მას, როგორც თანამდებობის პირს, აქვს ზედამხედველობის უფლება. სხვა შემთხვევაში, თანამდებობის პირზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება.

სქემა
სქემა

მასალების გადაბეჭდვის წესი