ახალი ამბები

”მემარჯვენეები” უსაფთხოების კონცეფციაში ეკონომიკური საფრთხეების გათვალისწინებას მოითხოვენ

16 თებერვალი, 2011 •
”მემარჯვენეები” უსაფთხოების კონცეფციაში ეკონომიკური საფრთხეების გათვალისწინებას მოითხოვენ

დავით გამყრელიძე
დავით გამყრელიძე

„2011 წლის 11  თებერვალს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ეკონომიკის გაჯანსაღების რეალური გეგმა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და უშიშროების საბჭოს, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მკაფიოდ აისახოს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები (უმუშევრობა, მზარდი და უკონტროლო ინფლაცია, ეკონომიკური სტაგნაცია, პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობა, საქართველოში არსებული მონოპოლიები და არაკონკურენტული გარემო, სახელისუფლო წნეხის ქვეშ მყოფი ბიზნესი) და მათ საპასუხოდ მიმართული კონკრეტული ქმედებები. ასევე, დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი მედიის და სამართლიანი არჩევნების გარანტიის შექმნის მექანიზმები”, – ეს განცხადება დღეს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ გააკეთა.

”ახალი მემარჯვენეების” თქმით, დღეს არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე აუცილებელია მცირე პერიოდზე გათვლილი სამოქმედო გეგმის დაწერა, რათა დროულად მოხდეს დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილება. ”ახალი მემარჯვენეები” მოითხოვენ, ხელისუფლებამ დროულად გაითვალისწინოს მათ მიერ შემუშავებული ანტიინფლაციური გეგმა, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება: ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვნად შემცირება; გადასახადების შემცირების ტენდენციის გაგრძელება და მისი გაფორმება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით; კონკურენციის ხელშეწყობა და ბიზნესის გათავისუფლება საპროკურორო და პოლიციური ტერორისაგან; ადგილობრივი წარმოების და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირება ეკონომიკური ბერკეტებით; ექსპორტის ყოველმხრივი წახალისებისა და ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი