ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოში სადაზღვევო საქმეზე დაკავებულთა პროცესი დაიწყო

16 თებერვალი, 2011 • 1055
თბილისის საქალაქო სასამართლოში სადაზღვევო საქმეზე დაკავებულთა პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 14 თებერვალს დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე გიორგი არევაძე საქართელოს მთავარი პროუკრატურის წარმომადგენლების შუამდგომლობებს განიხილავს დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 14 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სუბსიდიების  სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიების  წარმომადგენლები დააკავა. აღნიშნულ საქმეზე მთლიანობაში 16 პირია დაკავებული, ამ წუთებში კი სასამართლოში 7 მათგანის საქმე განიხილება, ესენი არიან:

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა წიქარიშვილი, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მამუკა შალამბერიძე,სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე, სადზღვევო კომპანია „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ამბროლიანი, სახელმწიფო პროგრამების მენეჯერი  გივი წულეისკირი.

გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და, შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 5 მილიონ  700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ამბროლიანმა და სახელმწიფო პროგრამების მენეჯერმა გივი წულეისკირმა საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებისას სადაზღვევო კომპანია „ალფას“ დაკითხულ თანამშრომლებზე ზემოქმედების მიზნით განახორციელეს ამ უკანასკნელების მიმართ მუქარა და მოსთხოვეს, რომ საგამოძიებო სამსახურისათვის დაემალათ მათთვის ცნობილი ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების დაგვიანებით დარიგების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი