ახალი ამბები

სახიფათო სეზონი აჭარისთვის

15 თებერვალი, 2011 • 1766
სახიფათო სეზონი აჭარისთვის

დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში
დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში

გეოლოგების განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგებისა და მშრალი ამინდების შემდეგ დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთის  ბევრ სოფელს შეიძლება საფრთხე შეუქმნას. 

ხულოს ცენტრში თოვლის საფარმა ოთხ მეტრს მიაღწია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სოფლებში თოვლის სიმაღლე ხუთი მეტრიც არის. მაღალმთიან აჭარაში მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროება დგას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის უფროსის, ტარიელ ტუსკიას თქმით, გეოლოგების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის: “დიდთოვლობას წინ უძღოდა მიწისქვეშა ბიძგები, რომლის ეპიცენტრიც ვანის რაიონი იყო, მაგრამ ჩვენი მთისთვის მცირე ბიძგებიც საკმარისია. ზამთრის პირველი თვეები აჭარის მაღალმთიანეთში ძალიან თბილი იყო, ამის გამო ბევრი ნაპრალი გაჩნდა.

სიმშრალე, მიწისქვეშა ბიძგები, მძიმე, როგორც უწოდებენ, სველი თოვლი _ ეს ყველაფერი ერთად საშიშია. გვაქვს ბევრი საშიში უბანი, მაგალითად, კოკოტაურის ზონა, სადაც რამდენიმე წლის წინ ცენტრალური გზა ჩაიკეტა და სამი-ოთხი დღის მანძილზე სამი რაიონი მოწყვეტილი იყო სატრანსპორტო მოძრაობას. ასევე ღორჯომისა და ხიხაძირის ხეობებში ბევრი რთული უბანია.

მინდა მივმართო გამგებლებს, რომ რაიონებში შექმნან სამსახურები, რომლებიც უმნიშვნელო ბზარების გააქტიურებასაც კი შეგვატყობინებენ. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე სპეციალისტები ავალთ ადგილზე და შემდეგ ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას პროცესების შესახებ ინფორმირებაზე. უმნიშვნელო ცვლილებების შემთხვევაშიც უნდა აღიკვეთოს მოძრაობა, რომ ამ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყვეს”.

“ბათუმელების” კორესპონდენტი ქედის რაიონიდან, ეკა ბარამიძე ამბობს, რომ ქედაში მეწყერი ჩამოწვა როგორც საცხოვრებელ სახლებთან, ასევე მთავარ მაგისტრალსა და სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე. სოფელ ცხემნაში ზაურ უზუნაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ღამის 10 საათზე გააქტიურდა, ჩამოიშალა კლდე, რომელიც სახლიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. პირველი, ვინც სტიქია იგრძნო, ორი წლის ნინია იყო. როგორც ოჯახის უფროსი აცხადებს, საღამო იყო, როდესაც გარედან უცნაური ხმა გაიგონეს და სახლი შექანდა: “ვიფიქრე, სახურავიდან თოვლი ჩამოცვივდა-მეთქი, ყველანი გარეთ გავცვივდით და ნანახმა გაგვაოგნა, _ სახლთან მსგავსი რამ არ მომხდარა, კლდის ჩამოშლამ სოფლის გზაც ჩაკეტა“.

სოფლის გამგებელმა ეს ამბავი ქედის გამგებელს აცნობა, თუმცა ადგილზე მხოლოდ სოფლის მოსახლეობამ მოიყარა თავი.

ზაურ უზუნაძისგან განსხვავებით მეწყერმა დაბა ქედაში (ეკნარას უბანი) მცხოვრები გურამ ჯაბნიძე რამდენჯერმე დააზარალა. ამ ოჯახს რამდენიმე წლის წინ გეოლოგებმა აქ ცხოვრება აუკრძალეს. შესაბამისი ღონისძიებები დღემდე არ გატარებულა. ჯაბნიძეების ოჯახი სტიქიის შიშით ღამეებს მეზობელთან ატარებს. მსგავსი პრობლემა აწუხებს ამირან დიასამიძის ოჯახსაც.

ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, ოქროპირ ბერიძის თქმით, “მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების შესწავლა. ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის, რაც შეეხება სოფლებთან დამაკავშირებელ გზებს, ნაწილი გაწმენდილია, ნაწილის გაწმენდვა მიმდინარეობს“.

აჭარის მაღალმთიანეთში ბოლოდროინდელი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ჯერჯერობით, არ აქვთ.

“თუ რამდენი ოჯახია დაზარალებული, კონკრეტულად მას შემდეგ დავაზუსტებთ, როცა სოფლებში მიმოსვლა აღდგება”, _ ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ბოლქვაძე. მისი განცხადებით, მოსახლეობისგან ბევრი ზარია შესული. ზვავმა მუნიციპალიტეტში შვიდი საცხოვრებელი სახლი დაანგრია. “წაღებულია ბოსელებიც. სოფლებში გასვლას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ადგილზე გვყავს რწმუნებულები და აქტივისტები, რომლებიც მობილიზებულნი არიან და საჭიროების შემთხვევაში გეგმის მიხედვით მოქმედებენ”, _ ამბობს ხულოს გამგებელი.  მისივე ინფორმაციით, ერთი-ერთი დაზარალებული სოფელ ყიშლადან ციგით ჩამოიყვანეს რაიონის ცენტრამდე, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ ამაღლობელის განცხადებით კი, მათთან მხოლოდ ერთი ოჯახია დაზარალებული. ამ ოჯახის უფროსი საავადმყოფოში მკურნალობს, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი კი ნათესავთან არიან შეხიზნულნი. შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მხოლოდ რაიონის ცენტრსა და ხიჭაურს მიეწოდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით კი, ხულოს მუნიციპალიტეტში 10 საცხოვრებელი სახლია დანგრეული: “როგორც ვიცი, დახოცილია პირუტყვიც. როცა მიმოსვლა აღდგება, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ადგილზე გავალთ და ვითარებას შევისწავლით”.

რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა თოვლისგან არ დაზარალებულა, “მხოლოდ ხელვაჩაურში ერთი სახლის სახურავი ჩაანგრია თოვლმა”. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დაზარალებულთა კომპენსირება ინდივიდუალურად განხორციელდება, კომპენსაციის თანხა კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მთიანეთში თოვა გაგრძელდება.

დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში
დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი