ახალი ამბები

საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა დაფუძნდება

26 იანვარი, 2016 • 1227
საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა დაფუძნდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიმუშავებს მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ხუთწლიანი ერთობლივი კვლევების პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უახლოეს პერიოდში დაფუძნდება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში განთავსდება კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში.

როგორც ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადამ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის უკეთ განვითარებას ახალი, მათ შორის საადრეო, ჯიშების ინტროდუცირებას, მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის მხრივ დაეხმარება ფერმერებს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობის დაარსება საქართველოში ემსახურება პროგრამას “ცოცხალი კარტოფილი კავკასიისათვის და აზიისთვის”, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, კარტოფილის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი და დაავადებების მიმართ მედეგი ჯიშების კვლევას და ფერმერთა ცნობადობის ამაღლება კარტოფილის წარმოების საქმეში.

კარტოფილის საერთაშორიო ცენტრი CIP დაარსდა 1971 წელს. ცენტრის მიზანია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კარტოფილის კულტურების განვითარების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს კვლევას და ინოვაციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და სხვა შესაძლებლობების განვითარებაში.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR). ეს კონსორციუმი აერთიანებს კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავენ. ამ ორგანიზაციის დონორები მოიცავს ცალკეული ქვეყნების ძირითად ფონდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი