ახალი ამბები

მასშტაბური დაკავება სადაზღვევო საქმეზე

14 თებერვალი, 2011 • 2525
მასშტაბური დაკავება სადაზღვევო საქმეზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სუბსიდიების  სააგენტოს  წარმომადგენლები, კერძოდ:

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ ლობჟანიძე, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა წიქარიშვილი, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი მამუკა შალამბერიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი თეიმურაზ გოგოლაძე, ამავე სამსახურის სოციალური აგენტები – მამუკა ბოკერია და ალექსანდრე შავლაყაძე, სადზღვევო კომპანია „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ამბროლიანი, სახელმწიფო პროგრამების მენეჯერი  გივი წულეისკირი და ჰოსპიტალურ კლინიკებთან ურთიერთობის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი ილია ხომერიკი, სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ პროექტების განვითარების მენეჯერი რატი ნოდია, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აის“ საცალო გაყიდვების განყოფილების სახელმწიფო პროგრამების განყოფილების უფროსი ივანე კახიძე, სადაზღვევო კომპანია „იმედი-ელის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჩიხლაძე, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი ივანე მელიქიშვილი, სადაზღვევო კომპანია „აი-სი ჯგუფის“ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოფილი სამედიცინო მენეჯერი მაია ცანავა და სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ სახელმწიფო სოციალური პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ ჩიხლაძე.

გამოძიების მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და, შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 5 მილიონ  700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ამბროლიანმა და სახელმწიფო პროგრამების მენეჯერმა გივი წულეისკირმა საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებისას სადაზღვევო კომპანია „ალფას“ დაკითხულ თანამშრომლებზე ზემოქმედების მიზნით განახორციელეს ამ უკანასკნელების მიმართ მუქარა და მოსთხოვეს, რომ საგამოძიებო სამსახურისათვის დაემალათ მათთვის ცნობილი ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების დაგვიანებით დარიგების თაობაზე.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 332-ე და 372-ე მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი