ახალი ამბები

დევნილები ისევ შუქისა და წყლის მოლოდინში არიან

14 თებერვალი, 2011 • 1901
დევნილები ისევ შუქისა და წყლის მოლოდინში არიან

სოფელ წინწყაროში ჩასახლებული დევნილი ოჯახები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს სამი კვირის მანძილზე ელოდნენ.

24 იანვარს თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე, მდებარე ძველი ინსტიტუტის შენობიდან გამოსახლებული სამი ოჯახი სამინისტრომ ქვემო ქართლის სოფელ წინწყაროში ჩაასახლა. საცხოვრებელ სახლებში დევნილებს არც ელექტოენერგია და არც წყალი დახვდათ.

ოჯახებმა ელექტროენერგია სახლებში საკუთარი ძალებით დროებით სხვა საცხოვრებელი შენობებიდან შეიყვანეს. წყალი კი კასრებით სოფლის სხვა ნაწილიდან მოაქვთ.

„სოფლის გამგებელმა გვითხრა, მინისტრი მალე ჩამოვა და ადგილზე გაეცნობა თქვენს პრობლემებსო, ჰოდა, ველოდებით“, – ამბობდა 28 იანვარს ჯულიეტა ცინდელიანი, 24 იანვარს  წინწყაროში ჩასახლებული დევნილი.

როგორც დღეს “ნეტგაზეთთან” საუბარში ცინდელიანმა აღნიშნა, კობა სუბელიანი სოფელში მხოლოდ გუშინ ჩავიდა.

„მინისტრი პირადად მე არ მინახავს, სხვა ოჯახში ჰყავდათ სუფრაზე მიპატიჟებული. ისევ დაგვპირდა თურმე, შემოგიყვანთ დენს და წყალსო, მაგრამ როდის – არ ვიცით. დენი მხოლოდ ორ ოთახში გვაქვს, ისიც ძლივს გამოვიყვანეთ სხვა შენობიდან“, –ამბობს ცინდელიანი.

კობა სუბელიანმა წინწყაროში ვიზიტის ფარგლებში კოდორის ხეობიდან დევნილ სვანებთან ერთად სვანების ადრესაგაზაფხულო დღესასწაული „ლამპარობა“ აღნიშნა.

 

ამავე თემაზე:

დაპატიმრებული, დაჯარიმებული და გასახლებული დევნილის ახალი ცხოვრება

მასალების გადაბეჭდვის წესი