ახალი ამბებისამართალი

ომბუდსმენი: საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული საქმეების შემოწმებაც უნდა შეეძლოს

26 იანვარი, 2016 • 1028
ომბუდსმენი: საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული საქმეების შემოწმებაც უნდა შეეძლოს

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებისა და კონსტიტუციური კონტროლის არეალის გაფართოვებას.

კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიენიჭოს უფლება, რომ შეამოწმოს, არა მარტო ნორმატიული აქტების, არამედ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება სცდება ნორმათა კონტროლის მოდელს და ახორციელებს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციურ კონტროლს. მსგავსი მოდელი ეფექტურად მოქმედებს ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, აცხადებს ომბუდსმენი.

ინდივიდუალურ აქტებთან და საერთო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელების დასაშვებობის წინაპირობაა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა. თუმცა კანონპროექტი უშვებს გამონაკლის შემთხვევებსაც, აცხადებს ომბუდსმენი.

კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას შესაბამისი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შეფასებისას, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო გადაწყვეტილებას, ეს გამოიწვევს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმე ხელახალი განხილვისთვის განსჯად სასამართლოს გაეგზავნება, აღნიშნულია კანონპროექტში.

საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მოსარჩელის მოთხოვნით დაადგინოს კომპენსაციის გაცემის ან ზარალის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს ამის განხორციელების სხვა სამართლებრივი საშუალება.

ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია 1995 წლის 24 აგვისტოს შემდეგ საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია.

“აღნიშნული გამონაკლისი არის ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. აღნიშნული მექანიზმის შემოღებით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოვლინდეს და გამოსწორდეს მართლმსაჯულების ის ხარვეზები, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური მოთხოვნები დაირღვა”, – ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ გასული წლების განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა და ამ ნაკლოვანებების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ართმევდა, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილებები შედის „საქართველოს კონსტიტუციაში“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოვება შესამჩნევად გაზრდის მის დატვირთვას.

წარმოდგენილი ცვლილებები იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების რიცხვის ზრდას. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის გაძლიერების მიზნით თითოეულ მოსამართლეს დაენიშნება მინიმუმ ერთი თანაშემწე.

აღნიშნული ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი