ახალი ამბები

ნიკოლაი პეტროვი: რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია

13 თებერვალი, 2011 • 1856
ნიკოლაი პეტროვი:  რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია

 „რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის დათბობა, უფრო სწორად, ურთიერთობის ნორმალიზება, შესაძლოა, არც ისე სწრაფ ტემპებში ვითარდება, თუმცა უკვე შესამჩნევია.  არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ ურთიერთობის ნორმალიზებას, ეს არის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ფაქტების გამო შეწუხებულნი არიან.

ჩემი აზრით, ურთიერთობის ნორმალიზებას და საამისოდ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ყველაზე მეტად პიროვნული ფაქტორი უშლის ხელს.  ერთი შეხედვით, პიროვნული ფაქტორი  თითქოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობაში დიდ როლს არ უნდა თამაშობდეს, მაგრამ ფაქტია. რუსეთის დღევანდელი რეჟიმიც, ასევე, ძალიან პერსონიფიცირებულია.

თუმცა გასული წელიწადი ძალიან პოზიტიური იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის შეცვლის თვალსაზრისით, –უფრო მეტად პრაგმატული და რეალისტური გახდა კურსი, ჩემი აზრით. ვიმედოვნებ,  რუსეთის მხრიდან ბევრი საინიციატივო ნაბიჯი გადაიდგმევა პოლონეთთან, ლატვიასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, შემდეგი ქვეყანა კი უკვე საქართველო იქნება.

რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყოველთვის ხელს შეუშლის ამ ქვეყნების ნორმალურ ურთიერთობას, ეს არის მთავარი დაბრკოლება.

ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ორივე მხარემ უნდა გაიგოს, არის ის, რომ ცვლილებები, რაც  უკანასკნელ პერიოდში მოხდა, მოკლე დროში ვერ შეიცვლება.  პოზიტიური ურთიერთობა კი  მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ორივე მხარე ექსტრემისტულ პოზიციაზე უარს იტყვის და კომუნიკაციამდე მივა. კომუნიკაციის შემთხვევაში იმის შანსი გაიზრდება, რომ მხარეები რაიმე კომპრომისამდე მივიდნენ“.  


1994–1995 წწ. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური ცენტრის მთავარი ანალიტიკოსი; 2000 წლიდან მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მან დააფუძნა ცენტრის რეგიონული პროგრამა, რომელიც რუსეთის რეგიონების პოლიტიკურ და სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას შეეხება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი