ახალი ამბები

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

11 თებერვალი, 2011 •
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე თავისი ყოველწლიური გამოსვლის პირველი ნაწილი ეკონომიკის საკითხებს დაუთმო.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკამ უნდა იმუშაოს მონოპოლიების გარეშე, საჭიროა ეკონომიკის სრული გახსნილობა. თუ ეკონომიკა მონოპოლიებითაა ჩაკეტილი, ის ვერ განვითარდება.

პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ბიუროკრატიული ინსტიტუტების შემცირება, რათა არ მოხდეს ბუნებრივი მონოპოლიების შექმნა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მსოფლიო ბანკის“ კვლევის თანახმად, საქარველოს ეკონომიკის ყველა სექტორი გახსნილია და არ არსებობს მონოპოლიები და ოლიგოპოლიები.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება ინფლაციისგან დაიცვას:

“გარდა სწორად გათვლილი მონეტარული პოლიტიკისა, ინფლაციის შესაჩერებლად იწყება ვაუჩერების დარიგება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ფასების ზრდამ მთელი სამყარო მოიცვა: “ბევრგან გაცილებით მძიმე შედეგებია,  თუმცა, მრავალთვიანი ეკონომიკური კრიზისი დრამატულად ვითარდება საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს გლობალური პრობლემა ადგილობრივად უნდა გადავჭრათ.”

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში  არსებული ინფლაციის მიზეზი, მსოფლიოში არსებულ ვითარებასთან ერთად, შიდა პრობლემებიცაა. შიდა პრობლებში პრეზიდენტმა ძირითად მიზეზად ადგილობრივი წარმოების სისუსტე დაასახელა.

პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ინფლაციის პრევენციის ორი გზა დაასახელა: პირველი  შეეხება მოსახლეობისათვის ერთჯერადი ვაუჩერების დარიგებას, ხოლო მეორე – ეკონომიკაში მეტი თანხების დაბანდებას. ეკონომიკის პრიორიტეტად კი მან სოფლის მეურნეობა და ტურიზმი დაასახელა.

პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის პერევენციის მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. პრეზიდენტმა ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარ ინიციატივად დაასახელა მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამა. პრეზიდენტის განცხადებით, პროგრამის ამოქმედების შედეგად მაღალმოსავლიანი სიმინდისა და ხორბლის თესლი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო შენაძენის დაფარვა მსურველებს 7 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შედეგად ხორბლის წარმოება გაიზრდება და შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე.

პრეზიდენტმა სოფლის მეურენეობის სფეროში სასაწყობო მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების ამოქმედებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლოგისტიკური ცენტრები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე და  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფერმერსა და ექსპორტიორს შორის ინფორმაციის გაცვლის მიმართულებითაც.

პრეზიდენტის განცხადებით, ჯამში, 150 მილიონი ლარით გაიზრდება სოფლის მეურნებობის დაფინანსება, აღნიშნული თანხიდან მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი გადამამუშავებელი ქარხნების შექმნას მოხმარდება.

პრეზიდენტის თქმით, 2015 წლისთვის სოფლის მეურნებიდან მიღებული შემოსავალი არსებულ მაჩვენებელთან შედარებით იქნება მინიმუმ გაორმაგებული, ისევე როგორც გაორმაგდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი.

„მოსახლეობის 70%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, 24– საათიანი წყალმომარაგება იქნება ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ბორჯომში და ყველა დიდ ქალაქში, გაკეთდება თანამედროვე კანალიზაცია და წყალსადენები” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხსაც შეეხო: “ტურიზმს შეუძლია  ყველაზე მოკლე ვადებში გამოაცოცხლოს ეკონომიკა, ტურისტულ ზონებში ხორციელდება პროგრესი კერძო სექტორთან ერთად, კეთდება  ახალი კურორტები, ხდება ინვესტიციების სტიმულირება, ვაშენებთ ახალ ქალაქებს, სათხილამურო ზონას, 20-მდე სასრტუმრო შენდება ქობულეთში, 15 – ანაკლიაში, რამდენიმე ათეული – მესტიაში, ტურიზმის სექტორში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები”.

რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, პრეზიდენტის თქმით, 2015 წლისთვის კიდევ 17 ჰესი იქნება საქართველოში, დამატებით 13 მშენებარე ჰესი.

“ჩვენი მიზანია, აგრეთვე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება არ ხდება და იგი იმპორტირებულია, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფასებზე და ამიტომ ვიწყებთ ნავთობგამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ნავთობს გავიტანთ ექსპორტზე და დავასტაბილურებთ ფასებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გაფორმების ეკონომიკური ზონების გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ზონას მალე ფოთშიც გახსნის. მისი თქმით, მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსი ემსახურება უკეთესი ბიზნეს-კლიმატის შექმნას.

„ყველაზე ცუდი უსამართლობის განცდაა, რომელიც არც ერთ მეწარმეს არ უნდა გააჩნდეს, ბიზნესმა უნდა შეინარჩუნოს გადარჩენის შანსი, სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა ჩვენი გუნდის, მეწარმე უნდა იყოს ოპტიმისტი, რათა მოახდინოს ინვესტირება, ჩადოს ფული სხვადასხვა საქმეში და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ახალი კურსი საჭიროებს ცვლილებებს კანონმდებლობაში. საგადასახადო კოდექსი ერთი თვეა, რაც შეიქმნა, რომლის უმთავრესი ღირსებაა ის, რომ ამცირებს სახელმწიფო ადმინისტრირების წნეხს ბიზნესზე, ყველა ახალ ღირსებასთან ერთად აყალიბებს სისტემას, რომელიც გამორიცხავს საგადასახადო კოდექსის ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს.“

გარდა ამისა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2013 წლისთვის იქნება 100  ახალი საავადმყოფო და დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა 2 მილიონნახევარს მიაღწევს.

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები უნდა ჰქონდეს გაფორმებული ევროკავშირთან და აშშ-სთან.

პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ამოქმედება კიდევ უფრო მეტად განავითარებს ეკონომიკას, გაზრდის ექსპორტს და 2015 წლისთვის გააორმაგებს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს. მისი თქმით, ქვეყნის პრიორიტეტია, რომ პროდუქციის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს და, შესაბამისად, გაზარდოს საექსპორტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

პრეზიდენტის თქმით, 2015 წელს ბიუჯეტი იქნება გაორმაგებული, ხელფასები საშუალოდ 50 პროცენტით გაიზრდება, უმუშევრობა ორჯერ შემცირდება და საქართველოში იქნება ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკა.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა განათლების სფეროში სამთავრობო რეფორმების შესახებ.

„ჩვენ გვყავს წარმოუდგნელი ინტელექტუალური ახალგაზრდობა. ძალიან კარგი რამე გააკეთა ეროვნულმა გამოცდებმა ამ მხრივ: ადამიანი არის ნიჭიერი, აბარებს უნივერსიტეტში. მორჩა ნათესაობა, უბნელობა. ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გარდატეხა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ეკონომიკური წარმატების საწინდარი უნდა იყოს  მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარება:

„ჩვენ საქართველო უნდა ვაქციოთ ახალი ტექნოლოგიური წარმოების ცენტრად. პირველი ქათული კომპიუტერული წარმოება ამუშავდება მალე. საქართველო ევროპაში იქნება მესამე ქვეყანა, სადაც „ინტელის“ ქარხანა ამუშავდება. ქარხანაში იმუშავებენ ქართველი სპეციალისტები.“
სააკაშვილმა პირველკლასელებისთვის ნეთბუკებით სწავლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„ჩვენ დავიწყეთ პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დარიგება, და თუმცა, ბევრს ლაპარაკობენ, რომ ბავშვებს მხედველობა გაუფუჭდება, გამოჩლუნგდებიან, ხერხემალი გაეღუნებათ, ეს მტკნარი სიცრუე და სისულელეა. მე მართლა ვფიქრობ, რომ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში უკვე უკირკიტებენ ამ კომპიუტერებს ბავშვები, რომლებიც მომავალში მსოფლიოს ბილ გეითსებად, სტივ ჯობსებად და მარკ ცუკერბერგებად ან ცუკერბერგიშვილებად მოევლინებიან“.

სააკაშვილის თქმით, 2015 წლისთვის საქართველოს ყველა სკოლა შვეციის და ჰოლანდიიის სკოლების შესაბამისი იქნება, თავისი აღჭურვილობით, ინტერნეტით.  

“2015 წლისთვის ინტერნეტი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ქართველმა ხალხმა გლობალური მასშტაბის განათლება უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია პროგრესისთვის. ამისთვის, ასევე, აუცილებელია საერთაშორისო ენების, ინგლისური ენის ცოდნა. თუმცა წავახალისებთ სხვა ენების ცოდნასაც, ევროპულ და აზიური ენებს.  

ასეულობით ინგლისური ენის მასწავლებელს მინდა მივესალმო აქედან, რომლებიც ქართველ ბავშვებს მსოფლიოსკენ უხსნიან გზას.

შარშან სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თანაბარი შესაძლებელობები უნდა ჰქონდეს ყველას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო ახლა „იმპერიის მილევის პერიოდში“ იმყოფება. 

“ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის, როდის არის იმპერიის არსებობის პერიოდი და მისი მილევის პერიოდი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მისი მილევის პერიოდში და უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად მობილიზებულები ამისთვის. იმპერიული აზროვნებისთვის დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვანების კომპლექსი, ფობიებია დამახასიათებელი, აქედან უნდა გამოვიდეთ საბოლოოდ. უნდა ვისწრაფოდეთ მოდერნიზაციისკენ. საქართველოში უკვე ვერასდროს დაბრუნდება ქურდული გაგება, კორუფცია. საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვირდებს მსოფლიოში. იმპერიას აქ აღარ გააჩნია არსებობის პერსპექტივა”, –განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი