ახალი ამბები

მოქალაქეების ბრალდებები პრეზიდენტისადმი

11 თებერვალი, 2011 • 1156
მოქალაქეების ბრალდებები პრეზიდენტისადმი

პარლამენტში დეგეგმილ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით საკანონმდელო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დევიზით – ”ერთი ადამიანი – ერთი ბრალდება”.

აქცია დღის 2 საათზე დაიწყო: მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პრეზიდენტისადმი ბრალდებები წერილობით წარმოადგინეს.

„შეწყდეს დევნილთა უკანონო გამოსახლება!“- ამ ლოზუნგით მიმართა პრეზიდენტს დღეს დევნილმა მერი ქობალიამ აქციაზე.  ”მე გურამიშვილის 64  ნომერში ვცხოვრობ და ჩვენ უკვე მივიღეთ გაფრთხილება გამოსახლებაზე. კორპუსში 22 ოჯახი ვართ, საყოფაცხოვრებო პირობები საშინელია, მაგრამ გასახლებას ისევ იქ ყოფნა გვირჩევნია”,-აცხადებს ქობალია.

უმუშევრობასა და მძიმე ეკონომიკური ვითარების შექმნაში ადანაშაულებს პრეზიდენტს გენადი კეკელია: ”მეც უმუშევართა მრავალრიცხოვან ჯგუფს მივეკუთვნები, სააკაშვილი კი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირიქით – ვითარება კიდევ უფრო მძიმდება”.

საკუთარი ბრალდება ჰქონდა წარმოდგენილი დღეს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ”კონსერვატიული პარტიის” წევრს ლაშა ჩხარტიშვილს: ”დახვრეტის დაკანონება” – ამ ბრალდებას ვუყენებ მე სააკაშვილს. მისი რეჟიმის წყალობით დაუსჯელი რჩება უამრავი სასტიკი დანაშაული”,-აცხადებს ჩხარტიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი