ახალი ამბები

130 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

24 იანვარი, 2016 • 1255
130 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადის 130 სამხედრო მოსამსახურე უკვე საქართველოში იმყოფება. 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთიდან დღეს საღამოს დაბრუნდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ანა დოლიძემ და დავით ებრალიძემ მიულოცეს.

„მშვიდობიანად ჩამოგვივიდა მესამე ბრიგადის ასეული. დიდი მადლობა გადავუხადეთ სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურისთვის. მთავარი არის, რომ ყველა მათგანი ჯანმრთელი ჩამოვიდა,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ.

აეროპორტში ავღანეთიდან დაბრუნებულ სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დახვდნენ.

„მაზარ-ი-შარიფიდან დაგვიბრუნდა მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეული, რომელიც ასრულებდა სწრაფი რეაგირების ჯგუფის ამოცანებს გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში. 130 სამხედრო მოსამსახურე მშვიდობით დაგვიბრუნდა,“ – განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული იმავე დანაყოფის „ბრავო“ ასეულმა ჩაანაცვლა.

„ალფა“ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

„ალფა“ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

მასალების გადაბეჭდვის წესი