ახალი ამბები

რაზე საუბრობს პრეზიდენტი ყოველწლიურად პარლამენტში

11 თებერვალი, 2011 • • 1259
რაზე საუბრობს პრეზიდენტი ყოველწლიურად პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტი ტრადიციული ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს მეშვიდედ წარსდგება. როგორც წესი, ქვეყნის პირველი პირი ყოველი წლის თებერვლის თვეში საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან განვლილ წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

2008 წლის აგვისტოს ომამდე მიხეილ სააკაშვილის მოხსენებების მთავარი თემა ხელისუფლების „წარმატებული რეფორმები“ იყო, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ მოხსენებების ფოკუსი შეიცვალა.

2009 წლის თებერვალში პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებაზე ისაუბრა და მთავრობის ეფექტურ ქმედებად შეაფასა ის ფაქტი, რომ 5000–ზე მეტი სახლი დევნილებისთვის უმოკლეს ვადაში აშენდა.

„ცხვირში ძმრად ამოვადენთ ყველას, ვინც ეს ხალხი გამოყარა,“ – აღნიშნა მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა.

იმავე საპარლამენტო მოხსენების დროს მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო რუსეთს და საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებზე საუბარს. მისი თქმით, „საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას დიდი და სახიფათო მტერი უპირისპირდება, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს შანტაჟის და დაშინების გზით ელაპარაკება, ემუქრება მის სამეზობლოში მყოფ ყველა თავისუფლების მოყვარე ერს; მტერი, რომელიც წარსული დაპირისპირებისკენ ექაჩება მსოფლიოს.“

ამის საპირისპიროდ და საქართველოს წარმატებული საგარეო პოლიტიკური კურსის საილუსტრაციოდ, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენცია და აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავს.

„ჩვენ მივაღწევთ იმასაც, რომ დავარეგულირებთ ურთიერთობებს რუსეთთან მაშინ, როდესაც რუსეთი მიიღებს და აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა და რომ სხვა პერსპექტივა არ არსებობს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ორი წლის წინ გაკეთებული საპარლამენტო მოხსენების დროს.

იმავე მოხსენებისას მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად  ეკონომიკური კრიზისის და უმუშევრობის დაძლევა დაასახელა და თქვა, რომ „ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, ათი ან მეტი პრიორიტეტი ჰქონდეს“.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებასა და სახელმწიფო დაზღვევის პროექტის დაწყების აუცილებლობაზე. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოსახლეობას აცნობა, რომ პენსია 5 ლარით, მასწავლებლის ხელფასი კი წლის განმავლობაში 25 ლარით გაიზრდებოდა. მან ისაუბრა სოფლის გზების დაგებასა და საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის სოფლების სუბსიდირებაზეც. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს გარემოს სტაბილურობასა და კერძო საკუთრების დაცვის აუცილებლობაზე.

მოხსენების შემდეგ პრეზიდენტმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა: 2009 წელს საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს გააცნო კითხვები და მოსაზრებები ანტიმონოპოლური სამსახურის აღდგენის აუცლებლობაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ასევე, ენგურჰესთან დაკავშირებით „ინტერ რაოსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისაუბრეს 1990-ან წლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე,  ასევე, ტელეკომპანიებში სარედაქციო დამოუკიდებლობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობაზე.

მთავრობის წევრებთან მცირეხნიანი თათბირის შემდეგ პრეზიდენტმა  დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა:

სააკაშილმა თქვა, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის პირობებში ახალი უწყების – ანტიმონოპოლური სამსახურის შექმნა დაუშვებელია. ენგურჰესთან დაკავშირებით კი განაცხადა: „ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქართველოში არის ელექტროენერგია.“

მანვე აღნიშნა, რომ „სასამართლო სისტემა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს, რათა აღიკვეთოს ჩარევა ინდივიდუალური მოხელეების მხრიდან.“

პრეზიდენტი არ დაეთანხმა ოპოზიციის შენიშვნებს ტელეკომპანიების სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მან „უფრო პროფესიონალური და კომპეტენტური“ მედიის არსებობა ისურვა. პრეზიდენტმა 2009 წლის საპარლამენტო მოხსენების ბოლოს თქვა, რომ რუსეთთან ომი არ დასრულებულა და ეს ომი დღესაც გრძელდება.

2009 წლის თებერვალში პარლამენტში გამართული საპრეზიდენტო მოხსენება და დებატები თავად მიხეილ სააკაშვილმა ასე შეაფასა: „დღეს საქართველოს პარლამენტმა მაღალ დონეზე ჩააბარა პოლიტიკური დებატების გამოცდა.“

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში
მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში

2009 წლის მსგავსად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის საპარლამენტო მოხსენებისას მთავარი აქცენტი კვლავ ლიბერალური ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით,  „არც ერთი წელი არ იყო ისეთი დრამატული, როგორც 2008 წელი და ისეთი მძიმე, როგორც 2009 წელი. ომის, მსოფლიო ფინანსური კრიზისის და გასული წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების გამო – ამ სამივე მოვლენამ ცუნამის ტალღებივით გადაუარა ჩვენს ეკონომიკას.“

სააკაშვილმა ინვესტიციების მზარდ რაოდენობაზე, ბათუმში სასტუმროების საერთაშორისო ბრენდების რაოდენობის ზრდაზე, მცირე ჰესების მშენებლობასა და ელ. ენერგიის ექსპორტზეც ისაუბრა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ახალ ტალღაზე, რომელიც „განათლების დონის ასამაღლებლად არის მიმართული“.  მან თქვა, რომ ჩატარდება მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ატესტაცია, ასევე, უსაფრთხო სკოლის ფარგლებში უფროსკლასელები და უმცროსკლასელები სხვადასხვა ადგილებში განთავსდებიან, მათთან იმუშავებენ პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო „დემოკრატიის მეორე ტალღის“ წარმატებით განხორციელებაზე საუბარს. ამის მაგალითად მან დაასახელა ოპოზიციის ჩართვა უშიშროების საბჭოს მუშაობაში, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პოლიტიკურ არხად გარდაქმნა და ტელეკომპანიებისთვის საბიუჯეტო დავალიანების ჩამოჭრა. მან, ასევე, თქვა, რომ აუცილებელია 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ დამარცხებულებმა გამარჯვებულს მიულოცონ.

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ერთი წლის წინ მოხსენებით გამოსვლისას რუსეთს მიმართა და თქვა, რომ „ყოველთვის იშოვი ქართველს, რომელიც მოსყიდვადია და რომელსაც ღირსება არ გააჩნია, რომელიც აგილოკავთ სისხლიან ჩექმებს და შეეცდება, ეს სისხლი მოგწმინდოთ“.

„ჩვენი გზის ალტერნატივა არის ჩამორთმეული თავისუფლება და ცენტრიდან უფროსების მასპინძლობა  – ”თამადა, სულგუნი, სულიკო” – არ არის ეს ჩვენი არჩევანი. ოდესღაც გვექნება თავისუფალი ფრენა მოსკოვთან და ნორმალური ურთიერთობები,  მაგრამ დამერწმუნეთ, ჯობია მათ ვუხადოთ ძვირი ფასი, მაგრამ იქ ჩავდიოდეთ როგორც ევროპელები, ვიდრე ვიხადოთ იაფი ფასი და ვიყოთ ვასალები და ამ სტატუსს ვერასდროს ვერ გავცდეთ,“-თქვა მიხეილ სააკშვილმა.  

მცირეხნიანი შესვენების შემდეგ მან ტრადიციულად უპასუხა დეპუტატთა კითხვებსა და შენიშვნებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 2010 წელს ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითებზე: ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების აუცილებლობაზე, სოციალურად დაუცველი პირების გამოსავლენად მკაფიო კრიტერიუმების არარსებობაზე და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების აუცილებლობაზე.

დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტს პენსიის 150 ლარამდე გაზრდისა და მართლმსაჯულების სისტემაში „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდა.

გია ცაგარეიშვილმა კი პრეზიდენტს 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციონერი აქტივისტების ცემის ფაქტების გამოძიება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გამჭვირვალობა მოსთხოვა.

„ქრისტიან-დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ მარცხზე ისაუბრა და დასტურად საქართველოს არაღიარებულ რეგიონებში გაეროსა და ეუთოს მისიების გაუქმება დაასახელა. მან პრეზიდენტს, ასევე, შესთავაზა პარტიული თანამდებობის დატოვება და თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირება.

მიხეილ სააკშვილმა ოპოზიციას უთხრა, რომ მათ უფლება აქვთ, ქვეყანას უყურონ შავი სათვალეებით. მისი თქმით, საქართველოში სიღარიბე 2-ჯერ შემცირდა, ხოლო ღარიბი მოსახლეობა სარგებლობს სახელმწიფო დახმარებითა და დაზღვევით.

 პრეზიდენტმა, ასევე, თქვა, რომ სანამ  თავის გუნდთან ერთად ქვეყანას მართავს, „ნულოვან ტოლერანტობაზე“ უარს არ იტყვის.

პრეზიდენტმა 2010 წელს საპარლამენტო გამოსვლა დაასრულა მომავლის იმედით, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს და ის იქნება წარმატებული და განვითარებული სახელმწიფო.

მასალების გადაბეჭდვის წესი